პირველი დიდი ქართული გამარჯვება და მსაჯი ფსიქიატრიულში… 1964 წლის 18 ნოემბერი…

671

18 ნოემბერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დიდი დღეა – 54 წლის წინ, 1964 წელს, თბილისის “დინამო” პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.

თბილისის “დინამომ” და მოსკოვის “ტორპედომ” 46-46 ქულა დააგროვეს და ჩემპიონის გამოსავლენად “ოქროს მატჩი” დაინიშნა, რომელსაც ტაშკენტმა უამსპინძლა.
მეორე ნახევრის დებიუტში კი ანგარიში მოსკოვის “ტორპედოს” ფეხბურთელმა შერბაკოვმა გახსნა, 73-ეზე კი ილია დათუნაშვილმა ანგარიში ეფექტური დარტყმით გაათანაბრა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

დამატებით პირველ ტაიმში დათუნაშვილის და მიხეილ მესხის გოლებმა თამაშის ბედი გადაწყვიტა, მეორე დამატებით ტაიმში მოსკოველი მცველის მიერ საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი კი სლავა მეტრეველმა უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში – 4:1 გახადა.

აწ გარდაცვლილი მეკარე სერგო კოტრიკაძე, რომელიც ამ შეხვედრაში თბილისის “დინამოს” ღირსებას იცავდა, თავის დროზე იმ მატჩის საინტერესო დეტალებს იხსენებდა:

“ჩემმა კოლეგამ, მეკარე ედუარდ შაპოვალენკომ, მაპატიოს, მაგრამ ვფიქრობ, “ტორპედომ” შეცდომა დაუშვა, როცა კარში ის დააყენა და არა – ანზორ კავაზაშვილი, რომელიც ჩვენებური იყო, ბათუმში დაბადებულ-გაზრდილი… სხვათა შორის, თბილისში “ტორპედოს” იმ სეზონის მეორე წრეში 3:1 მოვუგეთ და მატჩის შემდეგ ვლადიმერ ივანოვს რომ ველაპარაკებოდი, პირდაპირ მითხრა – ანზორმა სამივე გოლი შეგნებულად გაუშვა თანამემამულეებისადმი სიყვარულის გამოო…

1989 წელს ამ გამარჯვების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ იუბილეს ტაშკენტური მატჩის მსაჯი, რიგელი მიკელის რუბენისი ესწრებოდა, რომელსაც 1964 წლის “ოქროს მატჩის” შემდეგ საერთოდ მსაჯობა აუკრძალეს. შემდეგ კი… ფსიქიატრიულ საავადმყოფოში შემოწმება დაუწყეს. ასეთი იყო მაშინ მორალი, არამოსკოვური გუნდის ნებისმიერ წარმატებას მტრული განწყობით იღებდნენ…

სხვათა შორის, 1960 წლის სსრ კავშირის თასის ფინალი, რომელიც მოსკოვის “ტორპედოსთან” 3:4 წავაგეთ, ბალტიისპირელ არბიტრებს უნდა ემსაჯათ. მაგრამ ბოლო მომენტში ისინი შეცვალეს. ახალი არბიტრი კი ვინმე ცაპოვეცკი იყო, რომელმაც ისე იმსაჯა, როგორც საჭირო იყო – ანუ, “ტორპედოს” სასარგებლოდ”, – იხსენებდა კოტრიკაძე.

ოქროს მატჩი.
1964 წლის 18 ნოემბერი
ტაშკენტი. ფახთაქორის სტადიონი. 70 000 მაყურებელი

დინამო (თბ)-ტორპედო (მ) 4:1 დდ (1:1, 3:0)
გოლები: 0:1 შერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ)

დინამო: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, ვახტანგ რეხვიაშვილი, შოთა იამანიძე (კაპიტანი), გიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი, ილია დათუნაშვილი, ვლადიმერ ბარქაია, მიხეილ მესხი
მწვრთნელი: გავრილ კაჩალინი

გუნდის უფროსი: ავთანდილ ღოღობერიძე
მსაჯი: მიკელის რუბენისი (რიგა)

წყარო: lelo.ge

SHARE