მსოფლიო თასის ისტორიული რეკორდით – ბორჯღალოსნების სტატისტიკა იაპონიაში

594

მსოფლიო თასი საქართველოსთვის დასრულებულია. ჩვენი გუნდის სტატისტიკას კი სარაგბო მსოფლიო თასის ოფიციალური საიტის მიხედვით გთავაზობთ:

ახალი რეკორდი – 218 ბოჭვა!

აქვე შეიძლება თქმა, რომ ინდივიდუალურად არცერთ სტატისტიკურ მაჩვენებელში “ბორჯღალოსნები” არ არიან ლიდერთა შორის. ასევეა გუნდურ სტატისტიკაშიც, გარდა ერთისა – “ვოლაბებთან” მატჩში საქართველომ 218 წარმატებული ბოჭვა შეასრულა, რაც მსოფლიო რეკორდია!

BBC-იმ თავიდან 201 წარმატებული ბოჭვა დაითვალა ავსტრალიასთან მატჩში და გამოაცხადა, რომ ჩვენ გუნდს სულ 4 ბოჭვა დააკლდა 2007 წელს დამყარებულ რეკორდამდე – მსოფლიო თასზე აქამდე ყველაზე მეტი ბოჭვა საფრანგეთის ნაკრებს ეკუთვნოდა – 205 ახალ ზელანდიასთან, რომლის წყალობითაც გუნდმა კარდიფში სენსაცია მოახდინა და ნახევარფინალში გავიდა.

შემდეგ დაზუსტდა და ოფიციალურმა წყარომაც დაადასტურა – “ბორჯღალოსნებმა” ავსტრალიასთან 218 ბოჭვა შეასრულეს და შესაბამისად ფრანგების რეკორდი 13 ბოჭვით გააუმჯობესეს!

ნაკრების სტატისტიკა იაპონიაში

საქართველოს ნაკრებს ყველაზე მეტი ქულა 20 წლის თედო აბჟანდაძემ მოუპოვა – 12. 10-10 ქულა მოუტანეს გუნდს ალექსანდრე თოდუამ და ლევან ჩილაჩავამ. 8 ქულა სოსო მათიაშვილის ანგარიშზეა. 5-5 – გიორგი კვესელაძის, ჯაბა ბრეგვაძის, მამუკა გორგოძის, ოთარ გიორგაძისა და შალვა მამუკაშვილის. სულ 9 მორაგბემ მოუპოვა ნაკრებს ქულები.

სოსო მათიაშვილმა მსოფლიო თასზე 2 საჯარიმო და 1 გარდასახვა გაიტანა
სოსო მათიაშვილმა მსოფლიო თასზე 2 საჯარიმო და 1 გარდასახვა გაიტანა

9 ლელოდან 2-2 თოდუასა და ჩილაჩავას ანგარიშზეა. კვესელაძემ, ბრეგვაძემ, გორგოძემ, გიორგაძემ და მამუკაშვილმა თითო ლელო დადეს. 6 გარდასახვა თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა, 1 – სოსო მათიაშვილის. მსოფლიო თასზე საქართველოს ორივე საჯარიმო სოსო მათიაშვილმა გაიტანა.

ჯაბა ბრეგვაძე ერთადერთია, რომელიც გაასინბინეს ამ მსოფლიო თასზე “ბორჯღალოსანთაგან”. ყველაზე მეტი ბოჭვა ნაკრებში ბექა საღინაძემ შეასრულა – 41. შემდეგ მოდის ბექა გორგაძე – 38 და მამუკა გორგოძე და გიორგი ნემსაძე – 34-34. ბეკებიდან ბოჭვებში ლიდერი დავით კაჭარავაა – 32. მას მხოლოდ ერთი ბოჭვით ჩამორჩა გიორგი კვესელაძე.

ხაზის გაჭრებით ზურა ძნელაძე ლიდერობს – 5. შემდეგ მოდის ოთარ გიორგაძე – 3. ბურთით წინ ყველაზე მეტი სოსო მათიაშვილმა ირბინა – 35 მეტრი. შემდეგ მოდის გიორგი კვესელაძე და ოთარ გიორგაძე – 26-26.

ნაკრებმა პირველად მოახერხა მატჩის ბონუს-ქულით მოგება მსოფლიო თასზე
ნაკრებმა პირველად მოახერხა მატჩის ბონუს-ქულით მოგება მსოფლიო თასზე

საინტერესო ფაქტები

? 31 აგვისტოდან 11 ოქტომრამდე საქართველომ 4 მატჩი გამართა პირველი დონის სარაგბო ქვეყნებთან (შოტლანდია, შოტლანდია, უელსი, ავსტრალია).

? მსოფლიო თასის 4-ვე მატჩი მხოლოდ გიორგი კვესელაძემ და კოტე მიქაუტაძემ დაიწყეს. ამასთან, კვესელაძემ შეუცვლელად ითამაშა.

? 33 – ამდენი ქულა საქართველოს მსოფლიო თასზე აქამდე არ აუღია ერთ მატჩში (ურუგვაისთან – 33:7). 2007 წლის შედეგი (ნამიბიასთან 30:0) გაუმჯობესდა.

? 5 – პირველად მოხდა, რომ საქართველოს ნაკრებმა ბონუს-ქულა მოიპოვა მსოფლიო თასის მატჩში, ურუგვაისთან 5 ლელო დავდეთ.

? 218 – ბოჭვა ავსტრალიის წინააღმდეგ, მსოფლიო თასის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელი.

? 9 – ამდენი ლელო მსოფლიო თასზე საქართველოს არასდროს გაუტანია. პირველად მოხდა, რომ გუნდმა ლელო ყოველ თამაშში დადო.

საქართველო მსოფლიო თასებზე

?  20 მატჩი: 5 გამარჯვება, 15 მარცხი.

? სულ 262 ქულა, 13.1 ქულა საშუალოდ მატჩში.

? სულ 23 ლელო (საშუალოდ, 1.15 ლელო თამაშში) და 21 გარდასახვა, 34 გატანილი საჯარიმო, 1 არეკნი

საქართველო (გუნდური) 2019 წლის მსოფლიო თასზე

? 65 ქულა სულ. 20 გუნდში მე-14 შედეგი.

? 9 ლელო – მე-12 შედეგი. ამდენივე ლელო აქვს საფრანგეთს, რომლის ერთი მატჩიც ჩაიშალა.

? 2 საჯარიმო – მე-15 შედეგი ჯგუფურ ეტაპზე.

? 532 ბოჭვა – მე-7 შედეგი ჯგუფურ ეტაპზე.

? ხაზის გაჭრა – 30. მე-13 შედეგი.

წყარო: popsport.ge

SHARE