(ვიდეო) კითხვის ნიშნების გარეშე: თასი ღირსეულმა ჩაიბარა!

487

დიდი ხნის ისტორია არა აქვს “საბურთალოს”, მაგრამ ჩვენი ფეხბურთის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ტიტულს შესწვდა. საბურთალოელები შარშან ქვეყნის ჩემპიონები გახდნენ, წლეულს სუპერთასი ვერ აიღეს, მაგრამ აგერ, ახლა საქართველოს თასი მათი საკუთრება გახდა…

…მაგრამ ეს იყო ადრე

…ფინალს გორმა უმასპინძლა. არც ამ ქალაქში გვინახავს ადრე ესოდენ მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩები, თუმცა ბოლო წლებში “თენგიზ ბურჯანაძეზე” საქართველოს ეროვნული, ახალგაზრდული და სხვა ასაკობრივი ნაკრებების თამაშებიც ხშირად იმართება, ქვეყნის სუპერთასისაც და საქართველოს თასისაც.

დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი ორი წლის წინათაც ჩატარდა გორში, როცა “ჩიხურა” “ტორპედოს” დაუპირისპირდა, ამჯერად, იმერულის შემდეგ, გორის სტადიონზე თბილისური დერბი ვიხილეთ…

მოკლედ თანადათან იზრდება “საბურთალო” და იზრდება პატარა გორიც, როგორც მასპინძელი ქართული ფეხბურთის მნიშვნელოვანი მატჩებისა…

“საბურთალოს” ჩვენი ქვეყნის თასის ფინალში აქამდე არასოდეს უასპარეზია, ხოლო “ლოკომოტივს” აქამდე ოთხჯერ ჰქონდა ფინალში ნათამაშები და 3-ჯერ დაუფლებოდა კიდეც პრესტიჟულ ჯილდოს.

მაგრამ ეს იყო ადრე, ახლა კი “საბურთალომ” “რკინიგზელები” დამარცხებული გაუშვა შინ და თასი თავად დაიტოვა – დაიტოვა დამსახურებულად!

სწრაფი გოლი

მატჩი გაცილებით უკეთესად ჩაატარა “საბურთალომ”, ვიდრე “ლოკომოტივმა” და ეს ანგარიშიდანაც ჩანს. თამაშის დიდი ნაწილი მათი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით მიმდინარეობდა, სახიფათო და საგოლე შანსებიც უფრო მეტი ამ გუნდს ჰქონდა და ჩანდა რომ გამარჯვების რწმენითაც საბურთალოელები უფრო გაჟღენთილიყვნენ, ვიდრე “ლოკომოტივის” ფეხბურთელები.

უკვე მე-2 წუთზე ამ მატჩში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამორჩეული ფეხბურთელის, გიორგი კოხრეიძის ფლანგური გარღვევა სახიფათო დარტყმით დასრულდა. ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს.

კოხრეიძე, ვიდრე მოედნიდან ნაადრევად მოუწევდა გასვლა, ხშირად აწუხებდა მეტოქეს, არ ერიდებოდა ინდივიდუალურ პაექრობას მოწინააღმდეგესთან, პასიც არ ენანებოდა თანაგუნდელებისათვის და თავადაც უსინჯავდა კბილს “ლოკომოტივის” მეკარის მზადყოფნას.

საზოგადოდ ჭიაბრიშვილის გუნდი უფრო მეტ დროს ატარებდა ბურთით. ამწვავებდა თამაშს და ემუქრებოდა მოწინააღდმეგის კარს. გარკვეულ ხანს “ლოკომოტივის” მცველები ახერხებდნენ ამ მომემტების განმუხტვას, მაგრამ მე-12 წუთზე სწორედ გიორგი კოხრეიძემ ამ სიტუაციიდან იდეალური გამოსავალი მოძებნა. მან “სტანდარტული” შეასრულა საკმაოდ ლამაზად, პირდაპირ “ცხრიანში” გაგზავნა ბურთი და არც მცველებს მისცა ხელის შეშლის საშუალება და არც მეკარეს დაუტოვა მოგერიების შანსი – 1:0.

“ლოკომოტივი” შებორკილი ჩანდა. ადვილად აძლევდა მეტოქეს შუა ხაზის გადმოკვეთის საშუალებას და დიდწილად საჯარიმოს მისადგომებთან უმართავდა მას პაექრობას. ამ სივრცეში ნომინალური მასპინძლები დინჯად ათამაშებდნენ ბურთს და ეძებდნენ მომენტს თანაგუნდელის დასარტყმელ პოზიციაში დასატოვებლად. ზუსტად ასეთ ვითარებაში გაუჭრა პასი ელვინ ტერამ გიორგი გაბედავას, რომელმაც მეურვეებს შორის კარგად შეირგო გადაცემა და სხვაობა ორამდე გაზარდა – 2:0.

უხიფათო რკინიგზა

ორბურთიანი სხვაობით დაწინაურების შემდეგ “საბურთალომ” უფრო თავდაჯერებულად დაიწყო თამაში. მართალია, შეტევაზე ისეთივე ჯიქურად აღარ გადადიოდნენ ისინი, როგორც თავიდან, თუმცა სათამაშო უპირატესობას არ ფლანგავდნენ და ცდილობდნენ, ბურთი არ დაეთმოთ მეტოქისთვის, რაც საკმაოდ კარგად გამოსდიოდათ.

23-ე წუთზე სანდრო ალთუნაშვილმა სახარბიელო სიტუაციაში მყოფი თორნიკე გორგიაშვილი მოძებნა, ოღონდ, ამან კარგად ვერ დაუმიზნა კარს.

“ლოკომოტივს” ლაზარე კუპატაძის კართან მიახლოება უჭირდა და ცდილობდა, საშუალო დისტანციიდან მაინც შეეწუხებინა მოწინააღმდეგე. ერთ ეპიზოდში თემურ შონიამ სცადა საჯარიმოს მისადგემობიდან ძლიერი დარტყმით მიეღწია შედეგისთვის, მაგრამ მცველები ბურთს გადაეფარნენ. ამ დროს კი “რკინიგზელები” საკმაოდ უილაჯოდ უტევდნენ…

41-ე წუთზე ლამის მესამედაც იზეიმეს გოლი საბურთალოელებმა – “ლოკომოტივის” კაპიტანის, დავით უბილავას  შეცდომის გამო, ელვინ ტერას მიეცა ისეთი მწვავე კონტრშეტევის განვითარების საშუალება, რომლის დროსაც მეტოქის უკანა ხაზი თითქმის უყურადღებოდ იყო დატოვებული, თუმცა ბოლოს ვეღარ ივარგეს საბურთალოელებმა და დიმიტრი ბულისკერიას კარი გადარჩა.

43-ე წუთზე უკვე “ლოკომოტივს” ჰქონდა მშვენიერი შანსი – რევაზ ინჯგიას ფლანგურ ჩამოწოდებას კარის გასწვრივ გამოხემაურა შეტევაში ჩართული ბექა დარცმელია, მაგრამ უაღრესად სახიფათო მომენტი ვერ აქცია მან გოლად.

ვის მოუხდა შესვენება?

შესვენების შემდეგ სხვაგვარი თამაში გაჩაღდა. ანგარიშიდან გამომდინარე, “საბურთალო” ნაკლებად მწვავედ მოქმედებდა. “ლოკომოტივი” კი ახლა უფრო უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე პირველ ტაიმში. “რკინიგზელებმა” ფხა გამოაჩინეს და  შანსიც მიიღეს.

ერთ ეპიზოდში, როცა “საბურთალომ” “სტანდარტულისას” დაცვაში ყურადღება მოადუნა, თემურ შონიამ თითქმის 11-მეტრიანის ნიშნულთან მიიღო პასი და ახლო მანძილიდან გატანა არ უნდა გაჭირვებოდა, ამას მიხვდა გიორგი რეხვიაშვილიც და შონია წააქცია. არბიტრმა უყოყმანოდ დანიშნა პენალტი, რეხვიაშვილს კი ყვითელი ბარათი უჩვენა.

პენალტის რეალიზაცია ირაკლი სიხარულიძემ აიღო თავის თავზე და მისია ზუსტადაც შეასრულა – 2:1. ანგარიშში სხვაობის შემცირებამ ისედაც მოფერიანებულ “ლოკომოტივს” მეტი სითამამის საფუძველი მისცა. ლევან კორღალიძის შეგირდებმა სახიფათოდ შეუტიეს მოწინააღმდეგეს და მომენტებიც შექმნეს. 59-ე წუთზე, სწრაფი კონტრიერიშისას, რევაზ ინჯგიას ხელსაყრელი ეპიზოდის გოლად ქცევა მართებდა, მაგრამ… მიზანმა მასაც უმტყუნა.

მალე კიდევ ერთი იძულებითი ცვლილება განხორციელდა. თუ ტრავმის გამო პირველ ტაიმში ნაადრევად მოედანი თორნიკე კირკიტაძემ დატოვა, მეორეში გიორგი კოხრეიძეს მოუწია იმავეს გაკეთებამ. ოღონდ, მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვით, თითქოს თამაში ხისტი იყო…

კაკუბავამ გოლიც გაასამა და თასიც

მეორე ტაიმის შუაწელიდან ნელ-ნელა ისევ შეძლო “საბურთალომ” ბურთზე კონტროლის დამყარება. 74-ე წუთზე გიორგი გაბედავას ცოტა დააკლდა რათა თავის წილად დუბლი შეესრულებინა – საშუალო დისტანციიდან ააცილა კარის ჩარჩოს.

მშვენივრად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული ლევან ყენია, რომელმაც არაერთხელ გაამწვავა, მისივე წაქცევისთვის დანიშნული სახიფათო “სტანდარტულიც” შეასრულა, ერთ ეპიზოდში ახლოსაც იყო მიზანთან (ბულისკერიამ იმარჯვა) და საერთოდაც მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს ხშირად უქმნიდა პრობლემებს.

თამაშს წერტილი საქართველოს თასის ახლა უკვე სამგზის მფლობელმა (ერთხელ თბილისის “დინამოს”, ერთხელ “ჩიხურას” და ახლა “საბურთალოს” შემადგენლობაში) ლევან კაკუბავამ დაუსვა, რომელმაც 89-ე წუთზე დაჩი ცნობილაძის თავური პასი შეირგო და ახლო მანძილიდან თავურითვე ბურთი “ლოკომოტივის” კარის ბადეში გაახვია – 3:1.

კითხვის ნიშანი არ დაუტოვებია “საბურთალოს” გამარჯვებას. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ჯამშიც უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა და ცალკეული რგოლების გათვალისწინებითაც სჯობდა მეტოქეს. ალალია “საბურთალოზე” საქართველოს თასი!..

საბურთალო-ლოკომოტივი  3:1
08.12. გორი. თენგიზ ბურჯანაძე
1:0 კოხრეიძე (12), 2:0 გაბედავა (19. ტერას პასით), 2:1 სიხარულიძე (52-პენ), 3:1 კაკუბავა (89. ცნობილაძის პასით)
საბურთალო (4-2-3-1): კუპატაძე – მალი, მარგველაშვილი, კაკუბავა, რეხვიაშვილი – ტერა, ალთუნაშვილი – ი. ტაბატაძე (86. ცნობილაძე), გორგიაშვილი (61. ყენია), გ. კოხერეიძე (67. ლ. კოხრეიძე) – გაბედავა
სათადარიგოები: მიგინეიშვილი, სანდოხაძე, თედ. გრიგალაშვილი, გულიაშვილი
მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
ლოკომოტივი (4-5-1): ბულისკერია – უბილავა, ჭანტურია, გურეშიძე, კომახიძე – თ. კირკიტაძე (30. ინჯგია), შონია, დარცმელია (82. ჯიქია), დ. კირკიტაძე (78. გვალია), სამურკასოვი – სიხარულიძე
სათადარიგოები: შეროზია, ანდრონიკაშვილი, კიკაბიძე, გაბაძე
მწვრთნელი: ლევან კორღალიძე
გაფრთხილება: ტერა (21), კომახიძე (41), რეხვიაშვილი (51), გ. კოხრეიძე (56), შონია (75), მალი (83)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი

წყარო: lelo.ge

SHARE