სუარესის 10 ყველაზე მძიმე მომენტი კარიერაში

420

ლუის სუარესი – ფეხბურთელი, რომელიც თავისი გოლებით, შედეგებით, გამოხტომებითა და სკანდალური საქციელებით გულგრილს არავის ტოვებს. არსებობს მოსაზრება, რომ ურუგვაელის მიმართ ნეიტრალური ვერ იქნები, მას ადიდებ ან მიწასთან ასწორებ.

გასაგებია, თუ რის გამო ითვლება “ბარსელონელი” თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად, მაგრამ მას ხომ ბნელი მხარეც აქვს. გავიხსენოთ 10 შემთხვევა, როდესაც სამხრეთ ამერიკელი იქცა სიძულვილის, ზიზღის, კრიტიკის, დაცინვისა და შეცოდების ობიექტადაც კი.

გაძევებით გამოწვეული ჩაშხამებული დებიუტი ნაკრებში

სუარესის ტალანტი სამშობლოში მალევე შენიშნეს და 2007 წელს ის ეროვნულ გუნდში გამოიძახეს. ურუგვაელის დებიუტი შედგა ამხანაგურ შეხვედრაში კოლუმბიასთან. “სელესტემ” მეტოქე 3:1 დაამარცხა, მაგრამ ლუისს სიხარულის მიზეზი არ ჰქონია, რადგან 85-ე წუთისთვის ორი ყვითელი ბარათით მან მოედანი დატოვა.

არასპორტული, მაგრამ გმირული საქციელი მუნდიალის 1/2 ფინალის გამოტოვების ფასად

00-იანების ბოლოს “ბარსელონას” თავდამსხმელი ეროვნული გუნდის წამყვან ფიგურად იქცა და მისი დახმარებით პირველად 2002 წლის შემდეგ, “ლურჯები” მსოფლიო ჩემპიონატზე აღმოჩნდნენ. სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე სუარესმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მისი გოლებით დამარცხებული იქნა მექსიკა და კორეა.

ტურნირის 1/4 ფინალში ურუგვაელი საერთოდ ყურადღების ეპიცენტრში აღმოჩნდა. ალბათ გახსოვთ, “სელესტე” განას ეთამაშებოდა, როდესაც შეხვედრის 120-ე წუთზე ლუისმა საჯარიმოს ხაზიდან ბურთი ხელით გამოიტანა.

მოგვიანებით მოვლენები ისე განვითარდა, რომ 1/2 ფინალში გააღწიეს “ლურჯებმა” და არა აფრიკელებმა, მაგრამ “ბარსელონას” თავდამსხმელი ამ ყველაფერს ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს, რადგან ხელით თამაშის გამო ის გააძევეს.

პირველად 1954 წლის შემდეგ, სამხრეთ ამერიკელები 1/2 ფინალში აღმოჩნდნენ. სუარესმა ეს თამაში გამოტოვა, მისი ეროვნული გუნდი კი ჰოლანდიასთან დამარცხდა. საინტერესოა, ურუგვაელი ფორვარდის ყოფნის შემთხვევაში, რა სცენარით წარიმართებოდა აღნიშნული მატჩი?

კბენა: ნაწილი პირველი – ოტმან ბაკალი

დღეს, ლუისის ვამპირიზმი არავის უკვირს, მაგრამ 2010 წლისთვის ეს იყო სრული შოკი – ფეხბურთელი, რომელიც მოწინააღმდეგეებს კბენს. ინციდენტი მოხდა ერედივიზიაში, როცა სამხრეთ ამერიკელი ამსტერდამის “აიაქსში” თამაშობდა.

“თეთრ-წითლების” თავდამსხმელმა უკბინა “პსვ ეინდჰოვენის” ნახევარმცველს, ოტმან ბაკალს, რის შემდეგაც სუარესი შვიდ-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. სამარცხვინო და სასაცილო ინციდენტის მიუხედავად, სატრანსფერო ბაზარზე ურუგვაელის მიმართ ინტერესი არ ჩამცხრალა.

რასისტული სკანდალი პატრის ევრასთან

“აიაქსის” შემდეგ, ლუისი გადავიდა “ლივერპულში” და 2011 წლის ოქტომბერში ის თავის პირველ ალბიონურ სკანდალში გაეხვია. “წითლები” მანჩესტერ იუნაიტედს” ეთამაშებოდნენ, როდესაც მატჩის მსვლელობისას მერსისაიდელთა ფორვარდმა ევრას “Negro” უწოდა.

ფრანგმა სამხრეთ ამერიკელის გამოხტომა უყურადღებოდ არ დატოვა. “ეშმაკებმა” სერ ალექს ფერგიუსონის მეთაურობით დაიწყეს წუწუნი და ჩივილი ფედერაციაში “სკაუზერების” 7-იანის დასჯის მოთხოვნით. შედეგად: 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ჯარიმა 40.000 ფუნტის სახით.

რამდენიმე თვის შემდეგ, განრისხებული სუარესი პატრისს ხელს არ ჩამოართმევს. “მანიუს” მცველი ისევ იგრძნობს თავს დაჩაგრულად, მაგრამ კანონი ამჯერად უძლური აღმოჩნდება. ცნობისთვის, ურუგვაელი ევრას 2015 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც შეხვდება, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა.

კბენა: ნაწილი მეორე – ბრანისლავ ივანოვიჩი

სკანდალების გარეშე ლუისის შემდეგ სეზონსაც არ ჩაუვლია და ჩემპიონატის ფინიშისკენ “ლივერპულის” თავდამსხმელმა გაიხსენა ძველი მავნე ჩვევა – კბენა. სამხრეთ ამერიკელის მორიგი მსხვერპლი ივანოვიჩი აღმოჩნდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, “წითლების” შვიდიანმა მთელი საფეხბურთო სამყაროსა და კონკრეტულად სერბი მცველის წინაშე ბოდიში მოიხადა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. სუარესი ამჯერად 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

მომენტი, როდესაც შენი 31 გოლი ჩემპიონობისთვის საკმარისი არ არის

ივანოვიჩის კბენით გამოწვეული ბანის გამო ურუგვაელმა შემდეგი სეზონის სტარტი გამოტოვა. ამის მიუხედავად, ლუის ეყო დროს იმის დასამტკიცებლად, რომ მასზე ძლიერი პრემიერ ლიგაში არავინ იყო. 31 გოლი 33 მატჩში და უბრალოდ მიწასთან გასწორებული ეპლ-ი.

სამხრეთ ამერიკელის ტრიუმფალური ფორმის დამსახურებით “ლივერპული” მთელი სეზონის განმავლობაში ლიდერობდა სატურნირო ცხრილს, მაგრამ “წითლების” ჩემპიონობა მაინც არ შედგა. ალბათ გახსოვთ: მოსრიალებული სტივენ ჯერარდი, დემბა ბას სპრინტი და მოგვიანებით, “სიტის” ჩემპიონობა.

აღნიშნული ფეილი უფრო ინგლისელი ნახევარმცველის და ზოგადად მთელი მერსისაიდის კისერზეა, მაგრამ ფაქტია, რომ “სკაუზერების” შვიდიანს “ენფილდი” გამარჯვებულის რანგში არ დაუტოვებია.

კბენა: ნაწილი მესამე – ჯორჯო კიელინი

“ლივერპულში” გატარებული სუპერ-სეზონის შემდეგ, სუარესის რეპუტაცია ამაღლდა, მაგრამ 2014 წლის მუნდიალზე ურუგვაელის ვამპირიზმმა ისევ იჩინა თავი. ლუისმა ამჯერად კიელინის უკბინა და ფიფასგან 9-მატჩიანი ბანი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ “წითლების” თავდამსხმელის მავნე ჩვევის მიუხედავად, “ბარსელონასთვის” ის მაინც სასურველ სატრანსფერო სამიზნედ დარჩა და ზაფხულის მსვლელობისას სამხრეთ ამერიკელი კატალონიაში გადაბარგდა.

რომაული სირცხვილი

სუარესის ტრანსფერმა უდავოდ გაამართლა. ლიონელ მესიმ ურუგვაელთან იდეალური შეტევის დუეტი შექმნა, მაგრამ ის, რაც “ბლაუგრანას” გარშემო უკანასკნელ ორ სეზონში ხდება, ლოგიკის ფარგლებს სცდება.

მოკლედ მიმოვიხილოთ – ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალი, ერნესტო ვალვერდეს გუნდი “კამპ ნოუზე” ანადგურებს “რომას” ანგარიშით 4:1 და იტალიის დედაქალაქში აშკარა ფავორიტის სტატუსით ჩადის. “მგლები” ისტორიას წერენ და მრისხანე მეტოქეს 3 უპასუხო გოლს უტანენ.

დიახ, ისევე როგორც “ლივერპულის” ხელიდან გაშვებული ჩემპიონობის შემთხვევაში, ეს არის მთელი გუნდის ფეილი და არა ერთი კონკრეტული ფეხბურთელის, მაგრამ სუარესი ამ ყველაფერში მონაწილეობას იღებდა და ეს შავი ლაქა მის კარიერაზეც აისახა.

ლივერპულური სირცხვილი

ერთი წლის შემდეგ, “ბარსელონამ” დაახლოებით ანალოგიური ფიასკო განიცადა, ამჯერად 1/2 ფინალში და ურუგვაელის ყოფილ გუნდთან – “წითლებთან”. მერსისაიდელებმა კატალონიელთა 3:0-ს 4:0-ით უპასუხეს, ისინი გავიდნენ ფინალში და პირველად 2005 წლის შემდეგ, “სკაუზერებმა” ჩემპიონთა ლიგა მოიგეს.

ლუისი ამ ყველაფერს ინერტულად ადევნებდა თვალს და რომში დატრიალებულ მოვლენებს იხსენებდა. ამით “ბლაუგრანას” წინააღმდეგ შესრულებული ქამბექების ციკლი ჯერჯერობით დასრულდა.

ერთადერთი გაფუჭებული პენალტი

ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი ფიასკოს შემდეგ, კოპა ამერიკა “ბარსელონას” თავდამსხმელისთვის კარგი რეაბილიტაცია უნდა ყოფილიყო. თავდაპირველად ასეც ჩანდა, ურუგვაიმ დამაჯერებლად გადალახა ჯგუფური ეტაპი და 1/4 ფინალში პერუს დაუზავდა.

გულშემატკივრები 120 წუთის განმავლობაში ელოდნენ გოლს, მაგრამ ამაოდ. ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელშიც სუარესმა თავისი ნაკრები დააღალატა. “სელესტემ” 4:5 წააგო, ერთადერთი გაფუჭებული 11-მეტრიანი სწორედ “ლურჯების” ლიდერის სახელზე აღმოჩნდა.

წყარო: goal.ge

SHARE