საქართველოს 15 წლამდე წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე V-VI ადგილისთვის შეხვედრაში სერბეთის გუნდთან დამარცხდა (3:12) და მე-6 ადგილზე გავიდა. ამ შედეგით კი ახალგაზრდა ქართველმა წყალბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს.
საქართველოს 15 წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ძალიან კარგად ითამაშა. პირველ შეხვედრაში ფრედ ითამაშა რუსეთის ნაკრებთან – 9:9, მეორე მატჩში ჰოლანდიის გუნდს მოუგო – 14:11. ხოლო, ჯგუფის მესამე თამაშში აღნიშნული შეჯიბრების ბრინჯაოსმედალოსან იტალიასთან დამარცხდა – 8:12.
პლეი-ოფის სტადიაზე 1/8-ფინალში ქართველებმა სლოვაკეთს სძლიეს – 12:8. მეოთხედფინალში ძალიან ძლიერ საბერძნეთის ნაკრებთან
თანაბრად ითამაშეს, თუმცა დასვენებულ ბერძნებთან (1 დღით მეტი თავისუფალი დღე ჰქონდათ) ბოლოს გატყდნენ და დამარცხდნენ – 10:12.
V-VIII ადგილებისთვის პირველ შეხვედრაში ხორვატიის ნაკრებთან ნამდვილი ბრძოლა გადაიტანეს. ფრედ დასრულებული (7:7) შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ჩაგელიშვილმა 2 პენალტის მოგერიება შეძლო და საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის 6-ეულში ადგილი გაუნაღდა.
წყარო: worldsport.ge