შუმახერი ისედაც გონზე იყო… საიდან წამოვიდა ახალი ჭორები…

499

10 სექტემბერს, ინტერნეტში გავრცელდა უჩვეულო ახალი ამბავი: ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი, როგორც იქნა, გონს მოვიდა.

ყველა საინფორმაციო საშუალებას წყაროდ მოჰყავდა პარიზული გამოცემა Le Parisien, რომელმაც დაწერა, რომ ეს ინფორმაცია დაადასტურა იმ კლინიკის წარმომადგენელმა, რომელშიც ცოტა ხნის წინ მკურნალობის გასაგრძელებლად მიიყვანეს ჩემპიონი.

რა თქმა უნდა, ეს ამბავი ყველას გაუხარდა, მაგრამ, სინამდვილეში, ლეგენდარული მრბოლელი ისედაც გონზეა უკვე რამდენიმე წელია. ჯერ კიდევ 2018 წლის 11 ნოემბერს, „ფერარის“ ყოფილმა ბოსმა და ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჟან ტოდტმა მოჰყვა, რომ ის და მიხაელი ერთად უყურებდნენ ბრაზილიის გრანპრის.

2016 წლის ზაფხულში, გერმანელი მოინახულა რომის პაპის ბენედიქტ XVI-ის პირადმა მდივანმა გეორგ ჰენსვაინმა. მან თქვა: „პილოტი გრძნობს, რომ მის გარშემო მისი საყვარელი ადამიანები არიან, რომლებიც მასზე ზრუნავენ. გვერდიდან აშკარად მოჩანდა, რომ მიხაელი აღიქვამს მის გარშემო მომხდარს და საკუთარ თავთან შინაგან დიალოგს აწარმოებს. იგრძნობა, რომ ოჯახთან სიახლოვე მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

უფრო მეტიც, იტალიურმა გამოცემა Autosprint-მა ჯერ კიდევ 2014 წლის 29 დეკემბერს გამოაქვეყნა მასშტაბური ტექსტი შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ: „ის არ არის მიჯაჭვული საწოლზე და ფანჯარასთან სავარძელში ზის. ის ცნობს ახლობელ ადამიანებს და პასუხობს მათ ხმებს თვალების მოძრაობით“.

2018 წლის 17 დეკემბერს, ინგლისურმა გამოცემა Daily Mail-მა ფაქტობრივად იგივე დაწერა – მათი მონაცემებით, მიხაელი არ არის მიჯაჭვული ლოგინს. შუმახერის ოჯახმა, რომელმაც მანამდე ორ გერმანულ ჟურნალს უჩივლა მცდარი ინფორმაციისთვის, ყურადღება არ მიაქცია ორივე პუბლიკაციას – არაფერი უარყო და არც დაადასტურა.

საიდან წამოვიდა ახალი ჭორები?

9 სექტემბერს, ჩემპიონი საიდუმლოდ გადაიყვანეს ჟორჟ პომპიდუს სახელობის პარიზის კლინიკაში ღეროვანი უჯრედებით ექსპერიმენტული მკურნალობისთვის: ის სამ საათსა და 40 წუთზე მიიყვანეს, მთელ სხეულზე ქსოვილი ჰქონდა შემოხვეული, რათა პაპარაცებისგან თავი დაეცვათ.

მკურნალმა ექიმმა უარი განაცხადა კომენტარებზე, მაგრამ Le Parisien-ის რეპორტიორებმა ერთ-ერთი ექთანი აალაპარაკეს. აი, რა თქვა მან სიტყვასიტყვით:

„დიახ, ის ჩემი მზრუნველობის ქვეშ არის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ მართლაც გონზე იმყოფება“.

გამოდის, ამ ქალს არ განუცხადებია, რომ შუმახერი სწორედ ახლა მოვიდა გონს, არამედ ძველი ინფორმაცია დაადასტურა. მისი სიტყვები სენსაცია გახდა მხოლოდ იმათთვის, ვინც შუმახერის ჯანმრთელობის შესახებ წელიწადში ერთხელ კითხულობს. თუმცა, მათი გაკვირვება საკმარისი აღმოჩნდა პრესაში ამგვარი ახალი ამბების დასაწერად – „წითელი ბარონი“ გონს მოვიდა ექვსწლიანი კომის შემდეგ“.

რეალურად კი არანაირი ახალი ინფორმაცია არ გამოცხადებულა და მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მდგომარეობა არ უკავშირდება ამ ახალ მკურნალობას (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით).

თუმცა, გაუმჯობესების შანსი არსებობს: პარიზული გამოცემის მონათხრობით, 2018 წლის გაზაფხულზე მიხაელი ორჯერ უკვე იყო პომპიდუს სახელობის კლინიკაში. მესამე ვიზიტი, რომელიც 2018 წლის ზაფხულში იყო დაგეგმილი, თითქოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გააუქმეს – ასე რომ, თავად ფაქტი გერმანელის გადაყვანისა შვეიცარიული რეზიდენციიდან მოშორებით, უკვე იმედს აჩენს.

მაინც რას აკეთებს ჩემპიონი საფრანგეთის დედაქალაქში? სინამდვილეში, ამის შესახებ არავინ არაფერი იცის. შუმახერის ექიმია პროფესორი ფილიპ მენაშე – ქირურგი-კარდიოლოგი, რომელიც 20 წელზე მეტია დაკავებულია ღეროვანი უჯრედების მკურნალობით. მაგალითად, 2000 წელს, მან მსოფლიოში პირველმა მოახდინა კუნთის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია, რითაც გადაარჩინა პაციენტი, რომელსაც მიოკარდის ინფარქტი ჰქონდა.

2014 წელს, ემბრიონალური უჯრედებით გულის დაავადებების მკურნალობის მისეულ მეთოდს კლინიკურად ცდიდნენ ექვს პაციენტზე. როგორც Le Parisien იტყობინება, ეფექტურობა შთამბეჭდავი იყო, მაგრამ გაურკვეველი მიზეზებით, კვლევა შეწყვიტეს.

მენაშე არ უნდა შევიყვანოთ მატყუარა ექიმბაშების სიაში: ის ერკვევა არა მხოლოდ კარდიოლოგიაში, არამედ მუშაობს პარიზის პიტიე-სალპეტრიეს ჰოსპიტალთან არსებული თავისა და ზურგის ტვინის ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოში – სწორედ შუმახერის დაზიანების პროფილით. ასევე ის საავადმყოფოში შეამჩნიეს პროფესორ ჟერარ სეიანთან ერთად. სწორედ ამ ქირურგმა გაუკეთა რამდენჯერმე ოპერაცია მიხაელს.

მეორე მხრივ, მენაშეს კოლეგამ მიშელ პუკომ La Gazzetta dello Sport-სთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა ეჭვი მკურნალობის ობიექტთან დაკავშირებით.

„თუ გავითვალიწინებთ ჰოსპიტალიზაციის ადგილსა და ჩვენთვის ცნობილ ფაქტებს, როგორც ჩანს, ლაპარაკი არ არის ტვინზე. მთელ საფრანგეთში არ არსებობს ოფიციალური ექსპერიმენტები ამ სფეროში, – ჰყვება ექიმი. – ღეროვანი უჯრედებით მკურნალობა, შესაძლოა, მიმართული იყოს ანთებითი პროცესის ჩასაქრობად სხვა ორგანოებში. უფრო ხშირად, ეს ეხება გულს. განყოფილება, სადაც მიხაელი მოათავსეს, დაკავებულია ღეროვანი უჯრედების დატანით გულის ქსოვილებზე.

ადრე მიჩნეული იყო, რომ ღეროვან უჯრედებს შეუძლიათ ანტიანთებითი მოქმედება გამოიწვიონ და დაეხმარონ ალცჰეიმერის ავადმყოფობის დროს, მაგრამ, ჯერჯერობით, არასოდეს გამოუყენებიათ ტვინის სამკურნალოდ“.

ამჟამად უცნობია, რომელი მკურნალობა მოიფიქრა შვიდგზის ჩემპიონისთვის ღეროვანი უჯრედების სპეციალისტმა და საერთოდ, იმუშავებს თუ არა ის – უკვე რამდენიმე წელია არ არსებობს არანაირი ახალი ოფიციალური ინფორმაცია ან განცხადება გერმანელის მდგომარეობაზე. გვრჩება მხოლოდ უკეთესის იმედი და შუმახერისთვის გამოჯანმრთელების სურვილი. აგრეთვე, იმათი ინფორმაციის იგნორირება, ვისაც არც კი უცდია ამ თემაში ოდნავ მაინც გარკვევა.

წყარო: lelo.ge

SHARE