მარკოიშვილი პარკეტზე სათამაშოდ აღარ გავა, თუმცა კალათბურთში დარჩება და ცხოვრების ბოლომდე სპორტის ამ სახეობას, სავარაუდოდ, ისევე უერთგულებს, როგორც 15-წლიანი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში, როცა ჯან-ღონით სავსე თუ ტკივილგამაყუჩებლებით, ის ყოველთვის მოსაგებად შემართული გადიოდა სათამაშოდ და მოედანზე ტოვებდა ყველაფერს, რაც გააჩნდა.
მანუჩარ მარკოიშვილი ყველაზე ახალგაზრდა ქართველია, რომელმაც ევროლიგაში ითამაშა. 2002 წელს ის 16 წლის იყო, როცა იტალიური “ბენეტონის” შემადგენლობაში ევროპის უძლიერეს ლიგაში შეაბიჯა და ამ სუპერტურნირის ფინალში ლეგენდარულ დეიან ბოდიროგას მეურვეობდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები გახლდათ ის ასპარეზი, სადაც მარკოიშვილი განსაკუთრებული მონდომებით იხარჯებოდა და თანაგუნდელებთან ერთად ქართველ ქომაგებს წლების მანძილზე აღაფრთოვანებდა.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია უზომოდ მადლიერია და ქართული საკალათბურთო საზოგადოების სახელით მადლობას ეუბნება მანუჩარ მარკოიშვილს იმ თავდადებისთვის, რასაც ის მთელი კარიერის მანძილზე იჩენდა ეროვნულ ნაკრებსა თუ კლუბში თამაშის დროს. სასიხარულოა, რომ მანუჩარ მარკოიშვილს გადაწყვეტილი აქვს კალათბურთში დარჩენა და საკუთარი მდიდარი და ფასდაუდებელი გამოცდილების ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენება.
სამწუხაროა, რომ მისი თაობის წარმომადგენლებს ნელ-ნელა უწევთ აქტიური კარიერის დამთავრება. ცოტა ხნის წინ სათამაშო კარიერა დაასრულა ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, NBA-ს ორგზის ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ, ხოლო მანუჩარის მსგავსად, ტრავმა გახდა ამ თაობის კიდევ ერთი ბრწყინვალე წარმომადგენლის, ვიქტორ სანიკიძის თამაშისთვის თავის დანებების მიზეზი. ამ მოთამაშეების ღვაწლი განუზომლად დიდია საქართველოში კალათბურთის პოპულარიზაციისა და განვითარების საქმეში და მათ კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღირსეულ პატივს მიაგებს.
მანუჩარ მარკოიშვილი
დაიბადა: 17 ნოემბერი, 1986
სიმაღლე: 197 სმ
წონა: 95 კგ
2000-02 – ბათუმის “ბასკო” (საქართველო)
2002003 – “ბენეტონი”, ტრევიზო (იტალია)
2003 – “მიტელდოიჩერი” (გერმანია)
2004 – “ბენეტონი”, ტრევიზო (იტალია)
2004-07 – “ოლიმპია”, ლიუბლიანა (სლოვენია)
2007-09 – “კიევი” (უკრაინა)
2009-13 – “კანტუ” (იტალია)
2013-14 – “გალათასარაი” (თურქეთი)
2014-15 – ცსკა მოსკოვი (რუსეთი)
2015-17 – “დარიუშაფაქა” (თურქეთი)
2017-18 – “რეჯინა” (იტალია)
მიღწევები
თურქეთის ჩემპიონი (2013)
FIBA Europe ჩემპიონი (2004)
იტალიის სუპერთასის მფლობელი (2012)
იტალიის სუპერთასის MVP (2012)
ადრიატიკის ლიგის All-Star (2007)
2-გზის სლოვენიის ჩემპიონი (2005-06)
2-გზის სლოვენიის თასის მფლობელი (2005-06)
იტალიის ჩემპიონი (2003)
იტალიის თასის მფლობელი (2003)
2-გზის საქართველოს ჩემპიონი (2001-02)საქართველოს ნაკრები
1577 წუთი (30.3)
627 ქულა (12.1)
173 მოხსნა (3.3)
111 პასი (2.1)