ბევრის აზრით, ზინედინ ზიდანი მსოფლიოს ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ამ აზრს ნამდვილად აქვს არსებობის უფლება. ვისაც ერთხელ მაინც უნახავს მინდორზე გენიალური ფრანგი, დაგვეთანხმება, რომ მის თამაშში, ფაქტობრივად, არ იყო არცერთი სუსტი წერტილი…
მარსელის უღარიბესი უბნიდან დაწყებული ისტორია
ზინედინ ზიდანი წარმოშობით ალჟირელია. დაიბადა მარსელში, ყველაზე ღარიბ უბან კასტელანში, სადაც, როგორც წესი, ფანჯრები რკინის გისოსებით იყო ამოყვანილი, ხოლო ბავშვები ბეტონის ასფალტზე თამაშობდნენ ფეხბურთს.
მისი მშობლები, ისმაელი და მალიქა, ალჟირის მკვიდრები იყვნენ. მამა მუშაობდა უნივერმაღში დამფასოებლად. ზიდანის ბავშვობამ მარსელის ერთ პატარა ბინაში გაიარა. მის გარდა, ოჯახში კიდევ ოთხი ბავშვი იყო: და – ლილა, ძმები – ჯამელი, ფარიდი და ნურიედი. მისი ბურთის ფუნქციას ხშირად ასრულებდა პლასტიკური ბოთლი. ჰქონდა აგრეთვე გართობის სხვა საშუალებები – ველოსიპედი და… ძიუდო.
და მაინც, ფეხბურთი გახლდათ პატარა ზინედინის მთავარი შთაგონების წყარო. მეგობრები იხსენებენ, რომ ის ჯერ კიდევ ბავშვობაში ატყუებდა ყველას, ვინც კი ბურთით მიმავალს გადაეყრებოდა…
პირველად იყო კაენი, მერე ბორდო…
ზიდანი მარსელის ერთ-ერთ უსახელო გუნდში ვარჯიშობდა, როცა “კაენის” სელექციონერებმა აღმოაჩინეს და მშობლების ნებართვით ის სწორედ ამ კლუბის ფეხბურთელი გახდა. მალე “ზიზუმ” ძალიან მაგარი თვისებები გამოაჩინა ვარჯიშებზე და ის ძირითადი გუნდის ფეხბურთელი გახდა. 1989 წელს მისი დებიუტი შედგა საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში…
ამ დროისთვის ჩვენი გმირი 16 წლის გახლდათ. მას კლუბში პატარა ხელფასი ჰქონდა და მშობლები ყველანაირად ეხმარებოდნენ, რათა თავი გაეტანა. თანაც, ისინი აძალებდნენ ზინედინს, რომ კარგი განათლება მიეღო, მაგრამ პატარა “ზიზუ” მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით დადიოდა სკოლაში.
“კაენში” კარგი თამაშით ზიდანმა არაერთი ძლიერი გუნდის ყურადღება მიიპყრო. მან “ბორდო” აირჩია და მოკლე ხანში გუნდის ლიდერიც გახდა, მაგრამ… ცნობილი იყო, რომ იქ მას დიდხანს არავინ გააჩერებდა და აღმოჩნდა კიდეც “იუვენტუსში”…
ნამდვილი ვარსკვლავი
სწორედ ტურინულ კლუბში გახდა ზიდანი ნამდვილი ვარსკვლავი. არადა, თავდაპირველად ადაპტაცია გაუჭირდა. თავდადებული შრომით მალე მიაღწია თავისას. “ბებერი ქალბატონის” შემადგენლობაში “ზიზუ” ძალიან ხშირად თამაშობდა საყრდენ ნახევარმცველად. მას ტურინულ კლუბში მეტოქეთა იერიშების ჩაშლა და საკუთარი გუნდის შეტევების დაწყება ევალებოდა…
იტალიაში მან ორჯერ მოიგო სერია A, ასევე იტალიისა და უეფას სუპერთასები, საკონტინენტთაშორისო თასი და “ინტერტოტოს” თასი. რა თქმა უნდა, ის იყო ნამდვილი ვარსკვლავი და… ზიდანი მადრიდის “რეალში” გადავიდა.
2001 წლის 9 ივლისს, იმ დროისთვის სარეკორდო თანხად, 66 მილიონ ევროდ, ზიდანი “სამეფო კლუბის” ფეხბურთელი გახდა. მან იქაც მალე დაიმკვიდრა თავისი ადგილი და 2 წელიწადში ჩემპიონთა ლიგის, სუპერთასის, ლა ლიგისა და ესპანეთის სუპერთასის მოგება შეძლო. “რეალის” მაისურით ზიდანმა “ლევერკუზენის” კარში მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლის გატანა მოახერხა. ეს იყო 2002 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში…
მოგვიანებით “რეალს” ცუდი დროება დაუდგა. ჩვენმა გმირმა კი საკლუბო კარიერის დასრულება გადაწყვიტა…
საფრანგეთის ღირსება
ზიდანის დებიუტი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 1994 წელს შედგა. თამაში მართლაც სასწაული გამოვიდა: საფრანგეთი ორი ბურთით მარცხდებოდა ჩეხეთთან, მაგრამ ზიდანმა დუბლი მიითვალა და ფრანგები მარცხისაგან იხსნა.
ფრანგულმა პრესამ მაშინ მასში მიშელ პლატინის შემცვლელი დაინახა. თავად ზიდანმა კი თქვა: “პლატინი სამჯერ გახდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი. მისი თამაში სამაგალითოა. მე კი მხოლოდ იმას ვცდილობ, რომ ჩემი მოვალეობა შევასრულო“.
ასეთი განსაკუთრებული თავმდაბლობისთვის ის ყველამ ძალიან შეიყვარა. 1998 წელს მისი ლიდერობით საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ზიდანი ბრწყინავდა ნაკრებში, სადაც არაერთი ვარსკვლავი თამაშობდა. ზიდანი დიდებული იყო მუნდიალის ფინალში, რომელიც “მამლებმა” 3:0 მოიგეს და პირველი ორი გოლი სწორედ “ზიზუმ” მიითვალა.
საფრანგეთის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა ევროპის 2000 წლის ჩემპიონატიც. ნახევარფინალში პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ზიდანმა, დამატებითი დროის 117-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანის გატანა შეძლო და საკუთარი გუნდი ფინალში გაიყვანა.
იქ ფრანგებს იტალიის ნაკრები ელოდა, რომელიც დამატებით დროში დაამარცხეს, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად კი ზიდანი დაასახელეს. 2004 წელს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს კრიზისი დაატყდა თავს. ამავე წლის ევროპის ჩემპიონატზე ფრანგები ბერძნებმა დაამარცხეს (0:1), ხოლო ზიდანმა ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
მიუხედავად ამისა, მან ნაკრებს მიღმა დიდხანს ვერ გაძლო და 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის კვლავ დაუბრუნდა ეროვნულ გუნდს…
დასასრული, ანუ როცა სასწორზე ღირსება დევს…
2006 წლის მუნდიალზე ზიდანმა ერთხელაც გაიბრწყინა. ბრაზილიის ნაკრები ფავორიტად ითვლებოდა საფრანგეთთან შეხვედრაში, მაგრამ “ზიზუმ” პრაქტიკულად მარტომ მოუგო “სელესაოს”.
ამას მოჰყვა ფინალური შეხვედრა იტალიის უპირველეს გუნდთან. თამაში საფრანგეთის ნაკრებისა და ზიდანისთვის ძალიან კარგად დაიწყო – “ზიზუმ” არნახულად შეასრულა 11-მეტრიანი და საფრანგეთი დაწინაურდა.
მერე კი მოხდა ეპიზოდი, რომელმაც მნიშვნელოვნად განაპირობა იტალიელთა ტრიუმფი. თავად მარკო მატერაციმ მოგვიანებით აღიარა, რომ ზიდანის დას შეეხო. “ზიზუმ” კი თქვა, რომ მატერაცის არასოდეს აპატიებდა, თუმცა… არც თავის საქციელს ამართლებდა. მოგვიანებით “ზიზუმ” პატიება მაინც შეძლო.
…მისი საქმიანობა სამწვრთნელო ასპარეზზე სულ სხვა თემაა და ის ნამდვილად იმსახურებს ცალკე წერილს. დღეს კი ამაზე შევჩერდეთ…
წყარო: lelo.ge