ბუდუ ზივზივაძე უნგრეთის ჩემპიონატში საკმაოდ წარმატებით ათამაშდა. 25 წლის თავდამსხმელმა 5 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ტომაშ ცერისთან ერთად გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. მათი დამსახურებაა, “მეზოკოვეშდი” 7 ტურის შემდეგ 15 ქულით მესამე ადგილზე რომ არის და ევროპალიგის საგზურის მოპოვების ამბიცია რომ გაუჩნდა.
თავად ბუდუ ზივზივაძე უნგრეთის ჩემპიონატის მე-6 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის საერთაშორისო ვებგვერდის, “სოფასკორის” შეფასებებით, ბუდუ ზივზივაძე უნგრეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეთა შორის მე-6 ადგილზეა.
…ახალი კლუბი, ახალი გარემო, ავსტრიაში არშემდგარი ტრანსფერი, ეროვნულ ნაკრებში გამოუძახებლობა – ეს ის თემებია, რომელზეც ზივზივაძე “ლელოსთან” საუბრობს და არ მალავს, რომ 12 ოქტომბერს ირლანდიასთან მატჩისთვის ნაკრებში გამოძახებას იმედოვნებდა…
არ არის ცუდი შედეგი…
– 5 შეხვედრაში 3 გოლი – ახალ ლიგაში დასაწყისისთვის ურიგო შედეგი არ არის. ჩავთვალოთ რომ ადაპტაცია გაიარეთ?
– ადაპტაცია ისე გავიარე, მეგონა, საქართველოში ვიყავი. გუნდის წევრებიც და მწვრთნელებიც ისე მეგობრულად დამხვდნენ, ამან მომცა დიდი სტიმული, რომ ნდობა გამემართლებინა. საერთოდ, ნდობა ფეხბურთელისთვის მთავარია. ეს ძალიან მეხმარება და მიმაჩნია, რომ ახალ გუნდსა და ახალ ლიგაში 5 მატჩში 3 გოლი და 1 საგოლე პასი ცუდი შედეგი არ არის.
– 5 მატჩში რატომ?
– რეალურად, ერთხელ შეცვლაზე შევედი და 15 წუთი ვითამაშე.
– ბუდუ ზივზივაძე (“მეზოკოვეშდი”, უნგრეთი) – ეს ჩანაწერი ვლადიმირ ვაისმა მხოლოდ ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში გააკეთა. მთავარ შემადგენლობაში მოსახვედრად შედეგიანობის გაზრდა დაგჭირდებათ...
– კი, მესმის (პაუზა)… ნაკრებში მოსახვედრად მეტია საჭირო და ეტყობა, ვაისიც ჩემგან მეტ შედეგიანობას ელის. თუმცა, არ დავმალავ – ახლა ნაკრების მთავარ შემადგენლობაში გამოძახებას ველოდი. საქართველოში თამაშის დროს ვიცოდი, რომ ეროვნული ლიგის დონიდან გამომდინარე, ჩვენი ჩემპიონატის მოთამაშეებს ნაკლებად იძახებდა. ევროპაში გადავედი და გატანა აქაც რომ დავიწყე, მეგონა, ახლა მაინც გამომიძახებდა. თუმცა, სიაში არ ვარ… არაფერია. ყურებს ნამდვილად არ ჩამოვყრი.
სამეფო გუნდში უნგრულს ვსწავლობთ…
– “მეზოკოვეშდი” ჩვენებურად რას ნიშნავს?
– ეს არის დასახლება, სადაც ადრე სამეფო ოჯახი ცხოვრობდა და სახელიც აქედან მოდის.
– ანუ სამეფო გუნდში თამაშობთ...
– კი… მადრიდის “რეალამდე” ბევრი გვიკლია, მაგრამ ცუდ გუნდში ნამდვილად არ მოვხვდი. რომ მოვდიოდი, ბევრი ამბობდა – ეს რა გუნდიაო?! ძალიანაც კარგი გუნდია!
– ფაქტია, რომ “მეზოკოვეშდი” მესამე ადგილზეა და სტარტზე კარგი ფეხბურთიც აჩვენა. გამოცდილებიდან გამომდინარე, შეაფასებდით უკვე – გუნდს სამეულში დამკვიდრების პოტენციალი აქვს?
– დარმუნებული ვარ, აქვს. უნგრეთში არიან აქაური გრანდები – “ფერენცვაროში” და “ვიდეოტონი” (დღევანდელი “მოლ ფეჰერვარი” – რედ), მათ შემდეგ კი დაახლოებით ერთი დონეა. “მეზოკოვეშდი” დანარჩენებს შორის არავისზე ნაკლები არ ჩანს, არც შემადგენლობით და არც – მწვრთნელის კვალიფიკაციით. სხვათა შორის, წამოსვლამდე ბაჩო არაბულს რომ ველაპარაკე, მითხრა – მე რომ მიწვევდეს, სიამოვნებით გადავიდოდი, ძალიან კარგი გუნდია და სამეულში მოხვედრა შეუძლია. მთავარი, რაც მომწონს, ერთსულოვნება და მეგობრული გარემოა. ადაპტაციაზე რომ მკითხეთ, ამის გამოც გამიადვილდა, ასეთი გარემო რომ დამხვდა. ერთი პრობლემა ის არის, რომ გუნდში ინგლისური ბევრმა არ იცის და მოთხოვნაა, რომ ლეგიონერებმა უნგრული ვისწავლოთ.
– ძალიან რთული ენააო, ამბობენ. ითვისებთ?
– სხვა რა გზაა! მასწავლებელი გვიქირავეს და ნელ-ნელა რაღაცები ავითვისე.
საკმაოდ კარგი ლიგაა
– საერთოდ, უნგრულმა ლიგამ თქვენი იმედები გაამართლა?
– დიახ, საკმაოდ კარგი ლიგაა. ჩემი აზრით, წინსვლისა და განვითარებისთვის, იდეალური ლიგაა და მიხარია, ეს ნაბიჯი რომ გადავდგი. ახლა ნამდვილად არ დამიშვია ისეთი შეცდომა, როგორც – დანიაში წასვლით, სადაც რეალური შესაძლებლობები ვერ გამოვავლინე. ამან სერიოზულად დამხია უკან. “მეზოკოვეშდი” კი საკმაოდ კარგი გუნდია, ჩემპიონატიც ნორმალური დონისაა, თითქმის ყველა მატჩში ბრძოლაა და ფეხბურთელი ასეთ სიტუაციაში აუცილებლად გაიზრდები.
– ზოგადად, უნგრეთი თქვენთვის ნაცნობ დანიას რომ შევადაროთ, ინფრასტრუქტურით, დონითა და პირობებით, რომელს დააყენებდით წინ?
– მაგალითისთვის, ჩემი ყოფილი დანიური კლუბი “ესბიერგი” და “მეზოკოვეშდი” რომ ავიღოთ, სავარჯიშო პირობები აბსოლუტურად ერთნაირია, ორივეს ოთხი ძალიან მაგარი მოედანი აქვს, სამი – ბუნებრივსაფარიანი და ერთიც – ხელოვნური. სტადიონით “ესბიერგი” გამოირჩევა – 17 ათასამდე მაყურებელს იტევს, “მეზოკოვეშდის” არენა კი გაცილებით პატარაა, 4000-ანი, პატარა, კოხტა სტადიონია. პირობებითაც დანია გამოირჩევა, მაგრამ კარგი იქაა, სადაც კარგად ხარ. რაც მთავარია, ვერ ვიტყვი, რომ ამ ორ ჩემპიონატებს შორის ხარისხობრივად დიდი სხვაობაა.
ახლა ავსტრიაში ვიქნებოდი…
– ზუსტად იმ პერიოდში, როცა “მეზოკოვეშდი” გიწვევდათ, ავსტრიაში გრაცის “შტურმის” ვარიანტი გამოგიჩნდათ. ამაზე უარი რატომ თქვით? ავსტრია ხომ ფეხბურთში უნგრეთზე წინ დგას? თანაც იქ ოთარ კიტეიშვილთან ითამაშებდით...
– ავსტრიაზე უარი არ მითქვამს, ოთარ კიტეიშვილთან ერთად თამაშის შანსი რომ მქონოდა, ამაზე უარს როგორ ვიტყოდი?!
– აბა, არ მოხდა? თქვენს შესაძლო ტრანსფერზე ხომ ავსტრიული გაზეთები წერდნენ…
– საქმეც ისაა, რომ გაზეთები წერდნენ, მე კი არავინ დამკავშირებია – არც მენეჯერი, არც კლუბის წარმომადგენელი… მერე დავინტერესდი და კიტეიშვილს დავუკავშირდი. მითხრა, რომ თურმე ორ-სამჯერ მახსენეს, მაგრამ მერე ეს ლაპარაკი შეწყდა. ეტყობა, ინტერესი იყო, მაგრამ მერე რა მოხდა, წარმოდგენა არ მაქვს, თორემ პირდაპირ გეუბნებით – “შტურმიდან” ინტერესი რომ ყოფილიყო, დღეს ავსტრიაში ვიქნებოდი. ოთარ კიტეიშვილთან ერთად “დინამოში” მითამაშია და ვიცი, ეს რა სიამოვნებაა. ერთმანეთს იდეალურად ვუგებდით… დარწმუნებული ვარ, ნაკრებში უფრო დიდი როლს ითამაშებს. ნიჭიერიცაა და შრომისმოყვარეც. მისი წინსვლა მახარებს.
შანსები უფრო ორ დინამოს აქვს…
– ეროვნულ ლიგას თვალს თუ ადევნებთ?
– რა თქმა უნდა, რადგან ბევრი საინტერესო თამაშია და, ბოლოს და ბოლოს, ჩემი მეგობრებისა და ჩემი ყოფილი გუნდების ამბები მაინტერესებს. წამოვედი და ყველა დავივიწყო? ასე არ არის… სხვათა შორის, ვისარგებლებ შემთხვევით და თბილისის “დინამოს” ლევან მჭედლიძის დამატებას ვულოცავ. არა მარტო გუნდისთვის, ეს ტრანსფერი ზოგადად ქართული ლიგისთვის მიმაჩნია ნამდვილ მოვლენად.
– ჩემპიონობის ფავორიტი რომელია?
– ბოლო დროს, “საბურთალო” შეფერხდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქუთაისის “ტორპედოსთან” ფრე იყო და ამიტომ მიმაჩნია, უფრო პირველობისთვის ბათუმის “დინამო” და თბილისის “დინამო” იბრძოლებენ…
წყარო: lelo.ge