“ვერ ვხედავდი, იქ რა მოხდა. ვნახავთ და შესაძლოა, ფეხბურთელები დავსაჯოთ, ან შესაძლოა, არც დავსაჯოთ“, – ასეთი ორაზროვანი კომენტარი გააკეთა მოსკოვის “სპარტაკის” მთავარმა მწვრთნელმა დომენიკო ტედესკომ კონფლიქტზე, რომლის მონაწილეც ჯანო ანანიძე იყო.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, დასჯის თუ არა კლუბი ანანიძესა და პარაგავაის ნაკრების ნახევარმცველ ლორენსო მელგარეხოს, რომლებმაც მოედანზე ლამის ხელჩართული ჩხუბი გააჩაღეს.
თანაგუნდელებს შორის კონფლიქტი რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურის მატჩის დროს მოხდა, რომელიც მოსკოველებმა სანკტ-პეტერბურგში “ზენიტთან” 0:1 წააგეს. ერთ-ერთ ეპიზოდში, ემოციების ფონზე, პარაგვაელმა ანანიძის მიმართ პრეტენზია გამოხატა და კონფლიქტი სწორედ ამით დაიწყო. მელგარეხო ჯანოს გაეჭიმა და თავი მიარტყა. ჩვენებურს სამხრეთამერიკელზე ნაკლები ტემპერამენტი როდი აღმოაჩნდა და თვითონაც მიარტყა თავი…
მომხდარზე კომენტარი გააკეთა მოსკოვის “სპარტაკის” ვეტერანმა ფეხბურთელმა ანდრეი ტიხონოვმა: “ეს ყველაფერი დაძაბულობით შეიძლება აიხსნას. ან იმითაც, რომ ორივეს არაფერი გამოსდიოდა. არა გუნდს, არამედ – სწორედ ამ ორ ფეხბურთელს. ამის გამო წაკინკლავდნენ. ჩვენცვთამაშობდით და სიტყვებზე ერთმანეთს ვეკიდებოდით, მაგრამ ასე სახალხოდ ერთმანეთთან გვეჩხუბა, ასეთი რამ არ ყოფილა. ჩვენ მშვენივრად ვიცოდით, რომ თამაშის დროს ემოციები ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ მოედნის მიღმა ის აღარ იქნებოდა“, – ამბობს ტიხონოვი.
“სპარტაკის” უფრო წინა თაობის ვეტერანმა ვალერი რეინგოლდმა მომხდარი ცუდ მსაჯობას დააბრალა: “ეს იმის ანარეკლი იყო, რაც მოედანზე ხდებოდა. ბიჭებმა მსაჯების უსამართლობას ვერ გაუძლეს – ეს ჩემი აზრია“.
“სპარტაკის” კიდევ ერთი ვეტერანი ევგენი ბუშმანოვი მომხდარს ასე აფასებს: “აშკარაა, რომ გუნდში გარკვეული პრობლემებია. როცა თანაგუნდელები ერთმანეთს ასე ექცევიან, ეს მხოლოდ სათამაშო ემოციები არ არის. ასეთი რამ ჩვეულებრივ, გასახდელში გვარდება და არა – მოედანზე. ყველა პრეტენზია თანაგუნდელს მატჩის შემდეგ უნდა უთხრა“.
სერგეი ტაშუევი, რუსი სპეციალისტი, “კრასნოდარის”, “ანჟისა” და “ყუბანის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი: “ეს ყველაფერი ემოციების შედეგი იყო. იქნებ ვინმემ არ მისცა პასი, ვიღაცამ პრეტენზია გამოთქვა. ფეხბურთში ასეთები ხდება და მასზე ამხელა ყურადღების მიქცევას აზრი არ აქვს. ვფიქრობ, ისინი ცივი გონებით მომხდარში თავადვე გაერკვევიან“.
ბოლო ინფორმაციით, მატჩის მეორე დღეს “სპარტაკში” გუნდის საბჭო მოიწვიეს, რომელსაც მთავარი მწვრთნელი დომენიკო ტედესკო ხელმძღვანელობდა. “სპორტ24-ის” ცნობით, ანანიძესა და მელგარეხოს ფინანსური ჯარიმები გამოუწერეს:
“ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს, ჯარიმები ხელფასის ხუთმაგი ოდენობისაა, სიმართლეს არ შეესაბამება. “სპარტაკის” მოთამაშეების კონტრაქტები ერთმანეთთან ჩხუბისთვის სანქციებს არ ითვალისწინებს. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო გუნდის საბჭოს მოწვევა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება მოთამაშეთა დაჯარიმების შესახებ“, – წერს “სპორტ24”.
წყარო: lelo.ge