წლის ტორპედოელი – ქუთაისელთა ორიგინალური არჩევანი

383

ქუთაისის “ტორპედომ” სეზონი დაასრულა. მიუხედავად გაჭირვებისა, გუნდის ტრადიციული შეკრება და საუკეთესოთა გამოვლენის ცერემონია მაინც გაიმართა

ყოველი სეზონის ბოლოს, “ტორპედოს” ფანები წლის საუკეთესო ტორპედოელს ასახელებენ და შესაბამისი პრიზით აჯილდოვებენ. სეზონის აღმოჩენა კი 16 წლის დავით ასათიანი გახდა. ფეხბურთელს პრიზი “ტორპედოს” მეკარეების მწვრთნელმა დავით მამარდაშვილმა გადასცა.

ფანების გადაწყვეტილებით, 2019 წლის ტორპედოელად არა რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელი, არამედ… ყველა ის მოთამაშე აღიარეს, ვისაც “ტორპედოს” მაისურა ამ წელს თუნდაც ერთხელ მაინც ეცვა – ამაში ქუთაისელებისთვის დამახასიათებელი ორიგინალობა იგრძნობოდა.

ფაქტს გულშემატკივართა გამოხმაურება მოჰყვა: “უდავოდ სწორი გადაწყვეტილებაა, დიდი რისკი და პასუხისმგებლობა იქნებოდა ერთის გამორჩევა. კარგი იქნება ბოლო მატჩის წინ გადაღებული გადიდებული სურათის და კლუბის წევრთა სიის თვალსაჩიონო ადგილზე მოთავსება, რადგან შემდგომმა თაობებმა იცოდნენ, რომ ამ შემადგენლობამ, მძიმე ეკონომიკური და სოციალური პირობების მიუხედავად, გაიღო ყველაფერი, წინა პლანზე დააყენა სპორტული პრესტიჟი, გულშემატკივარი და ქუთაისის “ტორპედოს” სახელი. ვინატრებდი ისეთი სპონსორის მოსვლას, რომ დიდი სურვილი ჰქონდეს კუტალიასა და ქავთარაძის “ტორპედოში” დაბრუნების, მაგრამ დიდი კონკურენციის გამო, მათ პოზიციებზე ადგილი ვერ მოინახოს”.

ცხადია, ქუთაისელები ახალი მეპატრონის ვინაობითაც ინტერესდებიან და ფიქრობენ, გუნდს როგორ დაეხმარონ:

…”ახლა ისე ნუ ვიზამთ, რომ ამ ტორპედოელ გმირ ბიჭებს, რომლებმაც ელიტაში ადგილი შეგვინარჩუნეს, შრომა და თავდადება წყალში ჩავუყაროთ.  რა ღირს ლიცენზირება და რამდენია სულ საჭირო, რომ გუნდი მომავალი სეზონისთვის მოემზადოს? ადრე მეორე ლიგაში 30 ათასი ლარის არქონისთვის გაგვაგდეს და ეს 2 კვირით ადრე გვითხრეს. ახლა სხვა დროა – თუ არ ჩანს სპონსორი, გავხსნათ “ტორპედოს” ფონდი და შევაგროვოთ ლიცენზიისა და სხვა დავალიანების ფული – არ არის ეს სირცხვილი, სირცხვილი ის იქნება, უფულობისთვის რომ დაზარალდეს ჩვენი გუნდი. ამიტომ, მერია დროულად გაინძრეს და გაგვაგებინოს, რა ხდება. ჩემი აზრით, ქუთაისელებს შეგვწევს ძალა, რომ დავალიანების თანხა შევაგროვოთ”…

…”ფონდის შექმნაზე მე დაახლოებით ორი თვის წინ განვაცხადე, თუ საჭირო და აუცილებელი გახდება, ეს უნდა გაკეთდეს, თუმცა ვფიქრობ, სპონსორი გამოჩნდება, თუ საქმეს ვიღაც მართლა შეგნებულად არ ამუხრუჭებს”…

…”წელს თქვენ გქონდათ ფანობის საუკეთესო სეზონი! “ლივერპულის” ფანების ცნობილი დევიზი – “შენ არასდროს იქნები მარტო” – პრაქტიკაში განახორციელეთ საქართველოში”…

ქუთაისის “ტორპედოს” ოფიციალურმა გვერდმა კი წელი შეაჯამა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა: “2019 წელი “ტორპედოსთვის” ძალიან მძიმე გამოდგა.  კლუბის სახელით, დიდ და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც მთელი წელი გვერდში გვედგა. მადლობა იმ ადამიანებს, ვინც, მიუხედავად იმისა, რომ საშინაო მატჩებს სამტრედიასა და წყალტუბოში ვატარებდით, “ტორპედოს” მარტო არ ტოვებდა. მადლობა მედიის წარმომადგენლებს, ვისი ჩართულობაც “ტორპედოს” ყოველდღიურობაში საკმაოდ დიდი იყო და არის! უკეთესი მომავლის იმედად”.

გულშემატკივართა ჯგუფი “ტორპედო ფაქტორი” იმედს გამოთქვამს, რომ არსებული პრობლემები მოგვარდება: “არ ვფიქრობთ, რომ ეს “ტორპედოს” დასასრულია. სამწუხაროდ, უსამართლობას მივეჩვიეთ, განვითარებულ მოვლებეთან დაკავშირებით უამრავი ლოგიკური და ადეკვატური კითხვა არსებობს, თუმცა არც პასუხია და, მით უმეტეს, არც ქმედება. ალბათ, დადგება ის დღეც, როცა ჩვენი გუნდი ნორმალურ მეპატრონეს ჩაბარდება, რომელსაც, უპირველეს ყოვლისა, ეცოდინება მისი საქმე და მხოლოდ ამის შემდეგ ეყვარება ფეხბურთი. ღმერთის წყალობით გავარდნას გადავურჩით, ახლა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას”.

ქუთაისელებს დასრულებულ სეზონში საამაყო მაინც ჰქონდათ. ყველაზე დიდი სხვაობით სწორედ “ტორპედომ” იმარჯვა – ეს ბოლნისის “სიონთან” წყალტუბოში გამართულ შეხვედრაში მოხდა, როცა კახა ჩხეტიანის გუნდმა მეტოქეს 7 უპასუხო ბურთი გაუტანა.

ასევე ხსენებულ დაპირისპირებაში დაფიქსირებული შედეგის გათვალისწინებით, ბუდუ ზივზივაძე გახდა ერთ-ერთი ის ფეხბურთელი, რომელმაც ერთ მატჩში 3 გოლის გატანა შეძლო.

წყარო: lelo.ge

SHARE