27 წლის დავით კუპატაძეს ქართველი გულშემატკივრების წინაშე წარდგენა არ სჭირდება. ის სხვადასხვა დროს იცავდა “ტორპედოს”, “ზესტაფონის”, “ჩიხურას”, მარტვილის “მერანის”, “სამგურალის”, “შუქურასა” და “სამტრედიას” ღირსებას. ბოლოს კი ტაჯიკეთში თამაშობდა, სადაც შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და დიდი შანსია, იქაური ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეც გახდეს.
კუპატაძემ “ხუჯანდი” დატოვა და ახლა თავისუფალი აგენტია. გუშინ მას “ლელო” დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა. გამოცდილმა მეკარემ ბევრი საინტერესო რამ გვიამბო…
– საინტერესოა, როგორ მოხვდით “ხუჯანდში”? ტაჯიკეთში ბევრ ქართველ ფეხბურთელს ნამდვილად არ უთამაშია…
– გეტყვით, ეს ყველაფერი როგორ დაიწყო: ჩემმა მეგობარმა ირაკლი ხვედელიანმა “ხუჯანდის” ხელმძღვანელობას გადაუგზავნა თამაშის ამსახველი ვიდეოები. ამისთვის მას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. კლუბის ხელმძღვანელობა დაინტერესდა, ჩავედი ტაჯიკეთში და კონტრაქტიც გავაფორმე. თავიდან გუნდში ორი ქართველი ვიყავით – მე და თორნიკე ჯიმშელეიშვილი. მერე მხოლოდ მე დავრჩი და სეზონი ამ კლუბში ჩავამთავრე.
– საინტერესოა, რატომ მიიღეთ ტაჯიკეთში კარიერის გაგრძელების გადაწყვეტილება?
– საქართველოში ჩემი ბოლო კლუბი “სამტრედია” იყო, რომელიც მაშინ უმაღლესი ლიგიდან გავარდა. საკუთარ თავზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ეს მაინც უნდა ვთქვა – მიუხედავად ასეთი შედეგისა, რამდენჯერმე “ლელოს” სიმბოლურ ნაკრებშიც მოვხვდი, მაგრამ სეზონი რომ მორჩა, შეთავაზებები უმაღლესი ლიგის ისეთი კლუბებიდან მქონდა, რომლებიც ან შეინარჩუნებდნენ ლიგაში ადგილს, ან – ვერა. აქედან გამომდინარე მივიღე ეს გამოწვევა. ტაჯიკური კლუბის ხელმძღვანელობამ თავიდანვე მითხრა, რომ ამბიციური გეგმები ექნებოდათ და ასეც იყო.
– გამოდის, რომ სეზონით კმაყოფილი ხართ…
– ნამდვილად არ მაქვს უკმაყოფილების საფუძველი. ტაჯიკეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავედით და ჩამოვრჩით მხოლოდ “ისტიკლოლს”, რომელსაც თვით ქვეყნის პრეზიდენტი მფარველობს და თავადაც ხვდებით, ყველანაირი მხარდაჭერა აქვს. გარდა ამისა, ვითამაშეთ აზიის თასის გათამაშებაში, სადაც ჯგუფში მესამე ადგილზე გავედით და ეს მოხდა პირველად – ტაჯიკური საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში. ეს იყო უდიდესი წარმატება! ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჯგუფში მოსახვედრ პლეი ოფს მოვიგებდით, მაგრამ აგერ, კინაღამ ჯგუფიდანაც გავედით. აზიის თასი ევროპალიგის ანალოგია. ძალიან პრესტიჟულ ტურნირად ითვლება. ამ დროისთვის შანსი მაქვს, ტაჯიკეთის საუკეთესო მეკარე გავხდე. კონკურენტი ორი მყავს – სერბი მეკარე სტოსიჩი და ერთი რუსი… სხვათა შორის, ახლა შემეხმიანა “ხუჯანდის” პრეზიდენტი და მითხრა – ადვილი შესაძლებელია, ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ დაგასახელონ და აუცილებლად უნდა ჩამოხვიდე პრიზის მისაღებადო… მოკლედ, მოლოდინის რეჟიმში ვარ.
– რას იტყვით ტაჯიკეთის ჩემპიონატის დონეზე?
– საქართველოს ჩემპიონატი ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, სადაც უნდა წავიდე სათამაშოდ, ყველაზე მეტად ქართული გუნდები მეყვარება… არავინ იფიქროს, რომ ვაკნინებ საქართველოს ჩემპიონატს, მაგრამ რაკი მკითხეთ, უნდა გიპასუხოთ – ტაჯიკეთის პირველობა დღესდღეობით ჩვენსაზე მაღლა დგას. თუნდაც ფინანსური კუთხით რომ ავიღოთ, 2500-3000 დოლარი ხელფასი აქ ჩვეულებრივი ამბავია. ხშირად შეხვდებით ლეგიონერებს რუსეთიდან, სერბეთიდან… სხვადასხვა ქვეყნებიდან. ხშირად 20-25 ათასი ქომაგი დადის თამაშებზე… ინფრასტრუქტურული კუთხით მოწესრიგებულია ყველაფერი, სავარჯიშო პირობებიც ძალიან კარგია… მაგალითად, შანსი არ არის, ვარჯიშზე ფეხბურთელი ჯინსებში მივიდეს. დისციპლინას დიდი ყურადღება ექცევა. უნდა ნახოთ, თურქმენეთში რა ხდება. მოგეხსენებათ, “ჩაკეტილი” ქვეყანაა, მაგრამ სასწაული პირობებია. ეგაა, ლეგიონერის იქ მოხვედრა ძალიან რთულია. აზიის თასზე ჩვენ ერთ-ერთ თურქმენულ კლუბს ვეთამაშეთ. მატჩი რომ დასრულდა, მეტოქის რუს ფორვარდს ველაპარაკე, ხელფასზე ჩამოვარდა საუბარი და რომ ვუთხარი, რაც მქონდა, მოკვდა სიცილით – ჩვენთან 25 ათასი დოლარია თვეში და ამ თანხად საერთოდ როგორ თამაშობთო?! სხვათა შორის, კარგად ჩავატარე ის მატჩი და პირდაპირ მითხრა – დაველაპარაკებოდი ჩვენს პრეზიდენტს შენზე, მაგრამ თურქმენეთში ლეგიონერის მოხვედრა ძალიან რთულიაო.
– თვითონ ტაჯიკეთზე რას იტყვით? ისიც ძალიან “ჩაკეტილი” ქვეყანა ხომ არ არსი?
– მუსულმანური ქვეყანაა, მაგრამ მე, როგორც ქრისტიანს, თავი უხერხულად არასოდეს მიგრძვნია. უბრალოდ, არის წესები, რომელსაც იცავენ განუხრელად და შენ, როგორც ჩასულმა, პატივი უნდა სცე ამ წესებს. ძალიან ხშირად ლოცულობენ, ერთგვარი ტრადიციაა თამაშის შემდეგ სადილზე წასვლა… ზოგადად, თბილი და მეგობრული ხალხია. ისე კი, რუსული გავლენა იგრძნობა. ძველებისგან რომ გამიგონია და ვადარებ, რაღაცით ისევ საბჭოთა კავშირის დროინდელი გარემოა…
– ფინანსური კუთხით სირთულეები არ შექმნილა?
– ბოლო თვეების განმავლობაში “ხუჯანდს” ახალი სპონსორი გამოუჩნდა “სამსუნგის” სახით. სწორედ ამ სპონსორმა ითავა ლეგიონერების ხელფასის გადახდა. ასაღები დამრჩა გარკვეული თანხა, მაგრამ ყოველდღე მირეკავენ და მეუბნებიან – აუცილებლად ჩაგერიცხებაო. არ ვნერვიულობ. ბოლოს და ბოლოს, კონტრაქტი მიცავს.
– თქვენ გარდა, კიდევ იყვნენ ლეგიონერები “ხუჯანდში”?
– მაგალითად, ილსურ სამიგულინი ყაზანის “რუბინის” სკოლაგამოვლილი გახლდათ. ის ამპლუით ნახევარმცველია. იყო უკრაინელი ფორვარდი იური ზახარკივი, ვისაც უკრაინის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის რამდენიმე კლუბში უთამაშია.
– შეთავაზებები თუ გქონდათ სხვა ტაჯიკური კლუბებისგან?
– “ისტიკლოლის” ხელმძღვანელობას ძალიან უნდოდა ჩემთან თანამშრომლობა. იყო კონკრეტული შეთავაზება, მაგრამ “ხუჯანდთან” კიდევ 6 თვე მქონდა კონტრაქტით დარჩენილი, კლუბის ხელმძღვანელობა მიშვებდა, მაგრამ არ ჩავთვალე წასვლა საჭიროდ. ვუთხარი, ერთად დავიწყეთ საქმე და ერთად დავამთავროთ-მეთქი.
– …და მაინც, “ხუჯანდი” დატოვეთ. რატომ?
– მაინც აზიაა… მიმაჩნია, რომ ჩემს ასაკში მეკარეს კიდევ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში და მინდა, ისეთ კლუბში ვითამაშო, რომელიც იბრძოლებს ევროთასების საგზურისთვის. მხოლოდ ფულისთვის რომ ვთამაშობდე ფეხბურთს, აუცილებლად დავრჩებოდი. ასე არ ვფიქრობ. მიმაჩნია, რომ კარიერაში ჩემი ბოლო სიტყვა ჯერაც არ მითქვამს.
წყარო: lelo.ge