ხვიჩა კვარაცხელიას თავს მოვლენები, შესაძლოა, ძალიან მოულოდნელად განვითარდეს – სოციალურ ქსელში (“ვკონტაკტე”) მოსკოვის “ლოკომოტივის” ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა ცნობა, თითქოს, საქართველოს ნაკრების შემტევი “რკინიგზელებში” ბრუნდება:
“მოსკოვის “ლოკომოტივს” გადაწყვეტილი აქვს, ხვიჩა კვარაცხელია დაიბრუნოს. ფეხბურთელის ტრანსფერს 600 ათას ევროდ აფასებენ. თავად ფეხბურთელი მზად არის, დედაქალაქურ კლუბში დაბრუნდეს. ტრანსფერი, შესაძლოა, იანვარში განხორციელდეს“.
მოსკოვის “ლოკომოტივი” 18 წლის კვარაცხელიას პირველი რუსული კლუბი იყო, რომელიც ზაფხულში დატოვა, ყაზანის “რუბინში” გადავიდა და ამით დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
მიმდინარე სეზონი კვარაცხელიამ “რუბინში” შესანიშნავად დაიწყო – პირველივე ტურის გასვლით მატჩში გაიტანა და მისი გოლით “რუბინმა” გაიმარჯვა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ქართველმა ის გოლი ყოფილ კლუბს გაუტანა და პატივისცემის ნიშნად წარმატება არ აღნიშნა. თუმცა მასზე გამწარებულმა “ლოკომოტივის” გულშემატკივრებმა მოსკოვის სტადიონზე ძალიან ცუდი დახვედრა მოუწყვეს…
რუსული პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ “რუბინის” 19 მატჩიდან 17-ში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ყაზანელთა ძირითად შემადგენლობაში ახალგაზრდა ქართველი მხოლოდ ოთხჯერ მოხვდა.
წყარო: lelo.ge