დავით მუჯირმა ქუთაისის “ტორპედოში” არებულ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა. ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მედიაში გაჟღერებულ საკითხებზეც ილაპარაკა და დააკონკრეტა, ვისი დავალიანება აქვს საქართველოს სუპერთასის მფლობელს...
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში ქუთაისელმა გულშემატკივრებმა “ტორპედოს” მხარდასაჭერად სოციალურ ქსელებში კამპანია წამოიწყეს, რომელშიც ბევრი ცნობილი ფეხბურთელი ჩაერთო და სოციალურ ქსელში მხარდამჭერი პოსტიც გამოაქვეყნა, მათ შორის, გიორგი ჩაკვეტაძეც იყო – საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური “გენტის” შემტევმა ქუთაისის “ტორპედოს” მხარდამჭერა “ინსტაგრამიდან” გამოუცხადა.
ქუთაისურ კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს და მათ მოსაგვარებლად ფედერაციისგან მიცემული ვადა იწურებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, თუ სფფ დავალაინების გასტუმრების ვადას არ გადასწევდა, “ტორპედო” უმაღლესიდან მე-4 ლიგაში დაქვეითდებოდა.
მერე ითქვა, თითქოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ “ტორპედოსთვის” დავალიანების დასაფარად მიცემული ვადა გადაიწევდა. კლუბის აღმასრულებელი დირექტორის, თემურ ჩეჩელაშვილის ინფორმაციით, ამის თაობაზე სფფ-სთან კლუბს ქუთაისის ხელისუფლებამ და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ უშუამდგომლეს. თუმცა არ დააკონკრეტა, თუ რა ვადას აძლევდა ფედერაცია “ტორპედოს”. მისივე ინფორმაციით, იტალიელ ინვესტორთან მოლაპარაკებაც გრძელდებოდა…
დავით მუჯირმა კი საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, რომ საქართველოს სუპერთასის მფლობელ გუნდს მოთამაშეების, მწვრთნელებისა და პერსონალის დავალიანება აქვს და არა – ფეხბურთის ფედერაციის და რომ კლუბმა დავალიანების ნაწილი გადაიხადა.
“ქუთაისის “ტორპედოსთან” დაკავშირებით სხვადასხვა მედიასაშუალებებში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ლიცენზიის გაცემის შემდეგ შესაბამისი კომიტეტი კლუბების მონიტორინგს წინა წლებშიც ახორციელებდა. წელს “ტორპედო” იყო ერთ-ერთი კლუბი, რომლის მიმართაც ლიცენზირების კომიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა. შესაბამისად, სხვა კლუბებისგან განსხვავებით, აღმასკომისა და იურიდიული ორგანოების მიერ განსაზღვრულ ვადებში “ტორპედომ” მოახერხა იმ დავალიანებების გასტუმრება, რომლის ვადაც 25 დეკემბრამდე იყო. ახლა ლიცენზირების კომიტეტი მონიტორინგის პროცესს ახორციელებს”, – ამბობს დავით მუჯირი.
სფფ-ის გენმდივნმა ქუთაისური კლუბის პოტენციურ ინვესტორებზეც ილაპარაკა: “ჩემი ინფორმაციით, “ტორპედოს” ამჟამინდელი მფლობელები და ქუთაისის მერია აქტიურად არიან ჩართულები ახალი ინვესტორის მოძიების პროცესში, რათა ქუთაისის ისევ ჰყავდეს ძლიერი გუნდი”.
მუჯირის ცნობით, “ტორპედო” ვარჯიშს მალე განაახლებს: “ჩემი ინფორმაციით, გუნდი ოთხშაბათიდან ვარჯიშს და, შესაბამისად, ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. იმედს ვიტოვებ, რომ მონიტორინგის პროცესში, ეროვნული ლიგის დაწყებამდე, “ტორპედო” მოახერხებს და სპორტულადაც და ფინანსურადაც ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შეხვდება”.
წყარო: lelo.ge