ჰაალანდის ფენომენი ანუ რატომ ვერ ხვდებიან თინეიჯერი ქართველები ევროპის წამყვან კლუბებში

353

ერლინგ ჰაალანდი – 19 წლის ბიჭი, რომელზეც მთელი საფეხბურთო მსოფლიო აღტაცებული ტონით ლაპარაკობს. ტყუილად არ ხდება ეს, მიზეზი წონადია. თინეიჯერული ასაკის მიუხედავად, ჰაალანდს გააქვს და გააქვს (3 მატჩში 7 გოლი!) ბუნდესლიგაში, სადაც ამდენს და ასეთ ასაკში ნამდვილად ვერ გაიტან, თუ მართლაც განსაკუთრებული ნიჭი არ გაქვს…

ნორვეგიელმა ტალანტმა გერმანიაში მთელი სიმძლავრით დაიქუხა, თორემ ინტერესი და დაფასება ერლინგ ჰაალანდს არც “ზალცბურგში” აკლდა, სადაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ და იქაც გაჰქონდა ბევრი გოლი. ამიტომაც უკრეს თავი ავსტრიულიდან გერმანულ ბუნდესლიგაში!..

ორჯერ ორი რომ ოთხია, ისევე ცხადია, როგორც ის, რომ ჰაალანდი განსაკუთრებული ტალანტია, მაგრამ ჩვენ სხვა რამ გვაინტერესებს და ჩვენი წერილიც სხვა თემას მიეძღვნება. თემას, რომელიც ქართველი გულშემატკივრისთვის უფრო ახლობელი და მტკივნეულია…

თუ ჰაალანდი აიყვანა ჯერ ერთმა და მერე მეორე გამორჩეულმა ევროპულმა გუნდმა, რატომ არ აჰყავთ მათ თავისი თაობის გამორჩეული ქართველი ფეხბურთელები? კითხვა ნამდვილად ლეგიტიმურია და მას აქვს არსებობის უფლება. ჩვენი აზრით, ამას აქვს რამდენიმე მიზეზი:

ჩემპიონატი

საიდუმლო არავისთვისაა, რომ ჰაალანდის აღმავლობა დაიწყო მას შემდეგ, რაც ის ნორვეგიული “მიოლდედან” გადავიდა ავსტრიულ “ზალცბურგში”. ავსტრიული ბუნდესლიგის საუკეთესო კლუბი უაღრესად შემტევია და ბევრის აზრით, სწორედ აქ გამოიძერწა ის ფეხბურთელი, რომელსაც ჩვენ ყველა აღტაცებაში მოვყავართ.

“ზალცბურგის” დონის კლუბები ნორვეგიის ჩემპიონატიდან არ ერიდებიან ახალგაზრდა, გამორჩეული მოთამაშეების აყვანას, რადგან ამ ქვეყნის ჩემპიონატის დონე საკმაოდ მაღალია. საქართველოს პირველობას კი დღემდე არავინ მიიჩნევს სერიოზული დონის ტურნირად.

ჩვენ რაც არუნდა ბევრი ვილაპარაკოთ ეროვნული ლიგის პროგრესზე, ყველაფერს ევროთასები აჩვენებს. ნორვეგიული გუნდები ჩვენს კლუბებზე გაცილებით კარგად თამაშობენ კონტინენტის საკლუბო ტურნირებზე.

ხასიათი

ამ სტრიქონების ავტორს არაერთი უცხოური კლუბის სკაუტთან თუ მენეჯერთან ულაპარაკია. ყველა ერთხმად აღნიშნავს ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების ნიჭიერებას, მაგრამ… ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ ჩვენს ახალგაზრდებს ძალიან რთული ხასიათი აქვთ, მით უმეტეს თინეიჯერულ, გნებავთ, საფეხბურთო გარდატეხის ასაკში. ეს ის ასაკია, როცა ჩვენი ფეხბურთელების უმრავლესობა არ არის მზად დამოუკიდებელი სპორტული თუ… მოდი ვთქვათ სიმართლე – დამოუკიდებელი ცხოვრებისთვისაც კი.

ახალგაზრდულ ასაკში უცხოურ კლუბში გადასული ჩვენებური აწყდება უამრავ პრობლემას. როგორც წესი, გრანდებს არ აქვთ ექსპერიმენტების დრო. მათ ურჩევნიათ, აქცენტი ისეთ ახალგაზრდა ფეხბურთელზე გააკეთონ, რომელიც უკვე ნაღდი ევროპელია ყველა ასპექტში და ამ ასაკშივე ჩამოყალიბებული პროფესიონალია.

აგენტები

რა თქმა უნდა, აქ ყველა აგენტს არ ვგულისხმობთ, მაგრამ მათ შორის არიან ისეთებიც, რომელთაც დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ ხვალინდელ ქათამს. ისინი დიდი დამაჯერებლობით არწმუნებენ ფეხბურთელების მშობლებს მათი ვარიანტის საუკეთესოობაში. ასე ხვდებიან ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები რუსეთის ჩემპიონატსა და სხვა ისეთ ლიგებში, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ ტოპჩემპიონატებთან.

ნიჭი

კიდევ ერთხელ ვიყოთ გულახდილები – ბოლო თაობის ქართველ თინეიჯერებს შორის, თუ გიორგი ჩაკვეტაძეს არ ჩავთვლით, იშვიათად ჩანს ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელიც მიიპყრობს გრანდების ყურადღებას. ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერსად გავექცევით, ძალიან სამწუხარო ფაქტი!..

წყარო: lelo.ge

SHARE