ვაგრძელებთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის, თბილისის “დინამოს” ლეგენდარული მწვრთნელის, ნოდარ ახალკაცის ინტერვიუს, რომელიც მის გარდაცვალებამდე 24 საათით ადრე, 1998 წლის იანვარშია ჩაწერილი და თავის დროზე პოპულარულ საფეხბურთო გაზეთ “11X11-ში” გამოქვეყნდა…
დღეს აქტუალიურია შეკითხვა, სად გაიმართება ერთა ლიგის ნახევარფინალი, თბილისში თუ ბათუმში? თავის დროზე სანაკრებო მატჩი ბათუმში ნოდარ ახალკაცმა გადაიტანა:
– გადაწყვეტილება მივიღე, ნაკრებს მოლდოვასთან მატჩი ბათუმში ეთამაშა. “ზემოდან” დამირეკეს და მითხრეს, პოლიტიკური შეცდომა დაუშვითო. არ დავასახელებ იმ კაცის გვარს, ახალგაზრდაა და ღმერთმა ხელი მოუმართოს. მე დავუშვი შეცდომა? 5 საათის განმავლობაში აჭარლები, იგივე ქართველები, “საქართველოს” ყვიროდნენ, მარტო ამის გამო ხელისუფლებას მადლობა უნდა ეთქვა, რომ ბათუმში თამაშის ჩატარებით ხელი შევუწყვეთ სტაბილიზაციას, სიყვარულს… წინ აღვუდეგით ყოველგვარ სეპარატისტულ გამოხტომას. თანაც ჩვენ არ შეგვიძლია არ დავაფასოთ ის დიდი ღვაწლი, რაც აჭარის ხელისუფლებას ფეხბურთის განვითარებაში მიუძღვის. ჩემი საქმე არ არის აჭარის ლიდერის პოლიტიკური საქმიანობის შეფასება, მაგრამ მე შემიძლია შევაფასო მისი ღვაწლი ფეხბურთის განვითარებაში. ამისთვის მას დიდი მადლობა უნდა ვუთხრა. ასეა ეს!..
დიდი ხანია გათვითცნობიერებული და ჩამოყალიბებული ვარ, რას ნიშნავს სპორტში ფსიქოლოგია. როცა გუნდში ვმუშობდი, პირველი დამხმარე ძალა ფსიქოლოგთა ჯგუფი იყო: პროფესორები – ნორაკიძე, საყვარელიძე, გრიგოლავა, დვალი და სხვები. ყველა ფეხბურთელზე, ვინც ჩვენთან იყო, ფსიქოლოგიური დახასიათება მაქვს. ეს ისეთი მასალაა, რომელსაც არც ერთი ფეხბურთელი პირადად გაცნობილი არ არის. ეს მხოლოდ მე მაქვს. ეს რომ გამოვაქვეყნო… არადა, წიგნი გამოსაქვეყნებლად მზად მაქვს, შეიძლება ბევრმა “ვაი დედა” იყვიროს, ისე გაშიშვლდება. არ ვაკეთებ ამას, არ არის ამის დრო ჯერ. ყველა თავის თავს ისე ხატავს, თითქოს გენიოსი და წმინდანი იყოს…
არსებობდეს ლეგენდა, კარგიცაა ფეხბურთის პროპაგანდისთვის, არ შევუშლი ამას ხელს. ამავე დროს, გეტყვით, რომ ფსიქოლოგიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თუ გუნდში გამარჯვებულის სული არ ტრიალებს თუ ვიღაცა სულ მცირედით ხელს უშლის საქმეს, იქ დიდი გამარჯვება არ იქნება. ამიტომ ნაკრების ახალი ხელძღვანელობის წინაშე ჩვენ მკაფიოდ დავსახეთ შემდეგი ამოცანა – პირველ რიგში დააყენონ ეროვნული და არა პირადულ-ფინანსური ინტერესები. მათ შესანიშნავი შანსი ეძლევათ, საქართველოს დიდი ავტორიტეტი და გამარჯვება მოუტანონ და თავიანთი სახელები ოქროს ასოებით ჩაწერონ ქართული ფეხბურთის ისტორიაში…
ამას წინათ, საქართველოში უდიდესი ფეხბურთელი მიაბარეს მიწას – სლავა მეტრეველი. ჩემს ახალგაზრდობაში დიდი დავა მიდიოდა გულშემატკივრებში – სლავა ჯობია თუ მიშა მესხიო? ყველას თავისი გემოვნება და აზროვნება აქვს. სლავა ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, ვინც მსოფლიო ნაკრებში ითამაშა. მაგრამ მას არ მიეცა საშუალება, საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურის ჩაცმის, ჰიმნის მოსმენის… არც მიშა მესხს, არც ბორია პაიჭაძეს, არც შემდგომ თაობას. ასე განვითარდა ეს ქვეყანა, პოლიტიკური მოვლენები… ახლა კი ქურთუკებია მსჯელობის საგანი. მწვრთნელი ამაზე უნდა ამახვილებდეს ყურადღებას და ატყუებდეს ხალხს? იტალიასთან მატჩისთვის გუნდს 25 ათასი კი არა, 43 ათასი მივეცით პრემიის სახით, მაგრამ დაიქვითა იქიდან, დაიბეგრა, ეს ფული სახელმწიფო ბიუჯეტში წავიდა… და ასეთ დროს ქურთუკებზე ლაპარაკობენ…
არ შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენი ჯგუფი სუსტია – არავითრ შემთხვევაში! ამ გუნდებს იმხელა ამბიციები აქვთ… აგერ, ნორვეგიელებმა ბრაზილია დაამარცხეს 4:2. მეორე მსოფლიოს ჩემპიონატია ფინალურ ეტაპზე თამაშობენ. არადა რამდენიმე წლის წინ მათი ფეხბურთი დიდს არაფერს წარმოადგენდა. მაგრამ დაიწყეს იქ ზრუნვა განვითარებაზე, ბევრი დარბაზი, მოედანი გაკეთდა. სტადიონი აშენდა, უამრავი ბავშვი ჩება ფეხბურთში, ტურნირებს ატარებენ, აამაღლეს მწვრთნელების კვალიფიკაცია… იმუშავეს იმაზე, რომ შესულიყვნენ ფიფასა და უეფას კომიტეტებში… სხვათა შორის, მათი პრეზიდენტი, რომელიც ამავდროულად უეფას ვიცე-პრეზიდენტიცაა, ნამყოფია თბილისში. ბუნებრივი ნიჭი რასაც ჰქვია, ეს მათში გენეტიკურად არ არის, მაგრამ პირობებს უქმნიან და ამით აღწევენ წარმატებებს.
ძალიან დიდი როლი ინგლისელმა მწვრთნელებმაც ითამაშეს. ამიტომაცაა მათი ფეხბურთელები მთელ ბრიტანეთს რომ მოედვნენ. მათ სიამოვნებით იყვანენ იქ, რადგან დისციპლინირებულები არიან, მტკიცე ნორვეგიული ხასიათი აქვთ. ასე რომ, მათთან თამაში არ იქნება იოლი. ამასთანავე, მსაჯობის მომენტიც არ უნდა დავივიწყოთ, რადგან მათ ჩვენზე დიდი ავტორიტეტი აქვთ…
როცა ოსლოში მინიმალური ანგარიშით დავმარცხდით, მატჩის დამთავრებამდე ორიოდე წუთით ადრე კობიაშვილმა უხეში შეცდომა დაუშვა და მსაჯმა 11-მეტრიანი დადო ჩვენს კარში. არადა, მანამდე კარგი მომენტები ჰქონდათ ნემსაძეს, ქეცბაიას და არველაძეს. ჯგუფის ყველა გუნდთან ნათამაშები გვაქვს. ამიტომ არავითარი ფსიქოლოგიური ფაქტორი აღარ იქნება. თუ გვინდა, რომ ჯგუფიდან გავიდეთ, ალბანეთს, სლოვენიას და ლატვიას თბილისშიც უნდა მოვუგოთ და სტუმრადაც. ნორვეგიასა და საბერძნეთს კი თბილისიდან ქულა არ უნდა გავატანოთ. ზოგი ამბობს – პლეი ოფში მოვხვდეთო! რას მიქვია პლეი ოფი! უკრაინაც მოხვდა მანდ და მერე? უფრო ადვილია აქედან გაძრომა, ვიდრე წინანდელი ჯგუფებიდან, ოღონდ, დიდი მობილიზაციაა საჭირო…
ადრე შეცდომები მრავლად გვქონდა. მაგალითად, მოლდოვას ისე მივუდექით, როგორც ქუჩის გუნდს და დავისაჯეთ. დამოკიდებულება იყო მაშინ არაპროფესიონალური. მერე ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა. ჩვენი ფედერაცია 1990 წელსაა დაფუძნებული, არიან ფედერაციები, რომლებიც 1902 წელს შეიქმნა, 1954-დან არინ უეფას წევრები. წარმოგიდგენიათ, რამხელა გამოცდილება დაუგროვდათ?! ჩვენ იმხელა პრაქტიკა არ გვაქვს, რომელიც შეიძლება მომავალში გამოგვადგეს. გული მტკივა, მოლდოვასა და პოლონეთთან ჩავარდნებზე, ეს საქმისადმი არასერიოზული დამოკიდებულების გამო მოხდა, შეკრება ვერ ჩატარდა…
ახლა ყველა თამაში მოკლე შუალედებით მოგვიწევს, გვეცოდინება როდის რანაირი დატვირთვა მისცე, როდის დაასვენო, რეაბილიტაცია როგორ მოხდეს, როგორი ფსიქოლოგიური ფონი შექმნა გუნდში, ვინ დააყენო, ვინ გამოცვალო, როდის წახვიდე, როდის ჩამოხვიდე… სხვანაირად ვერ დავძლევთ შესარჩევ ბარიერს. სკანდინავიელებზე უკვე ვთქვით, მაგრამ ბერძნები რა, ნაკლები არიან? დანიასთან შინ რომ მოეგოთ, ხომ გავიდოდნენ? არადა, სჯობდნენ. მე ვიცი, რას ნიშნავს ათენის ოლიმპიურ სტადიონზე თამაში. ნამდვილი საგიჟეთი იქნება, იმ ზეწოლას გაძლება უნდა, რაც ყველას არ ძალუძს…
დიდი სიამაყეა ჩვენთვის ჩვენი ბიჭები კარგ კლუბებში რომ თამაშობენ. ამით, ფაქტობრივად, სამხედრო ენით რომ ვთქვათ, დესანტის გადასხმა მიდის. იქ უნდა დამკვიდრდდნენ. როგორც სტალინი იტყოდა, არც ერთი ნაბიჯი უკან! “ნიუკასლსა” და “აიაქსში” რომ თამაშობენ ქართველები, დიდი საქმეა, სხვებისთვის კი – დიდი მაგალითი. საქმისადმი სხვანაირი მიდგომა ყალიბდება. მერედა, რამხელა გამოცდილებას იღებენ. ხომ ხედავთ, შოთა არველაძემ როგორ მკვეთრად მოუმატა. იმიტომ, რომ ტაქტიკურად ჩამოყალიბდა, ახალი ტექნიკური ელემენტების გამოყენება დაიწყო… ამას საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულებით მიაღწია.
თურქეთში შეეძლო, ცოტა სხვაგვარად მიდგომოდა საქმეს, უფრო თეატრალიზებულად ეთამაშა, თითქოს ლექციას უკითხავს ვინმეს, აქ კი კონკურენციაა, თანაც – როგორი! ერთხელ ჩაგივარდება თამაში და მორჩა, შემადგენლობიდან ამოვარდები. საჭიროა, ასეთ კლუბებში რაც შეიძლება მეტი ქართველი მოხვდეს. 6-7 კაცი რომ გვეყოლება მოწინავე ევროპულ გუნდებში, მერე მათ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ბიჭებიც აუბამენ მხარს და თავს არ შეირცხვენენ!..
III ნაწილის დასასრული
წყარო: lelo.ge