U15 ქართველმა წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ითამაშეს

486

ბულგარულ ბურგასში გრძელდება 15-წლამდელ წყალბურთელ ვაჟთა ევროპის პირველი ჩემპიონატი 16 გუნდის მონაწილეობით.

უკვე ვწერდით, რომ საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა და მსოფლიოს პირველობის საგზური მოიპოვა. გუშინ ჩვენები ბერძნებს შეხვდნენ, რომლებიც წინა დღეს ისვენებდნენ.

საქართველო-საბერძნეთი 10:12
3:3, 2:3, 3:1, 2:5

საქართველო: ჩაგელიშვილი, კოზაშვილი (1), გოცირიძე, ბაგაშვილი, გელაშვილი, ს. ტყეშელაშვილი (1), ახვლედიანი (5), ვასაძე, გორგოძე (1), კირიაკიდი (1), ჩიქოვანი (1), ცოტაძე, ნ. ტყეშელაშვილი.

მატჩი ბერძნების იერიშით დაიწყო და პირველსავე წუთზე კასტრინაკისის გოლით დასრულდა. მერე კარგა ხანს უპირატესობა ელინელთა მხარეს იყო, მაგრამ პერიოდის ბოლომდე ტყეშელაშვილმა, გორგოძემ და ჩიქოვანმა წონასწორობა აღადგინეს – 3:3. მეორე რვაწუთიანი მონაკვეთი ისევ ბერძნების შეტევებით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დამთავრდა 3:2.

სამაგიეროდ, გელა ტუკვაძის შეგირდებმა შესვენების შემდეგ მესამე პერიოდში იყოჩაღეს – აშკარად დაჯაბნეს მეტოქე. მეექვსე წუთზე კვლავ გაქვითეს ანგარიში – 7:7, ხოლო წუთ-ნახევრის მერე წინაც გავიდნენ – 8:7. სამწუხაროდ, პაექრობის ბოლო მონაკვეთში ჩვენებს დაღლილობა დაეტყოთ, ბერძენ თანატოლებს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს, საბოლოოდ კი ორბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ და ახლა მეხუთე-მერვე ადგილებისთვის განაგრძობენ ბრძოლას.

საქართველო-საბერძნეთის გარდა, გუშინ კიდევ ხუთი შეხვედრა გაიმართა:

IX-XII ადგილებისთვის: რუსეთი-სლოვენია 14:9, სლოვაკეთი-თურქეთი 13:10;
მეოთხედფინალები: ესპანეთი-იტალია 5:6, მონტენეგრო-ხორვატია 10:9, უნგრეთი-სერბეთი 12:11.

დღეს ითამაშებენ:
IX-X ადგილებისთვის: რუსეთი-სლოვაკეთი, XI-XII: სლოვენია-თურქეთი; XIII-XIV: რუმინეთი-ბულგარეთი; XV-XVI: ჰოლანდია-ბელარუსი.
ხვალ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
V-VIII ადგილებისთვის: საქართველო-ხორვატია, სერბეთი-ესპანეთი; ნახევარფინალში: უნგრეთი-იტალია, საბერძნეთი-მონტენეგრო.

წყარო: lelo.ge

SHARE