ფინალში რუსზე გავლით – როგორ დაამარცხა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ზვერევი

572

ჰამბურგის 500-იანი რეიტინგის ტურნირზე წარმატებისთ ასპარეზობს ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც ნახევარფინალამდე კოლუმბიელი უგო დელიენი, არგენტინელი ხუან იგნასიო ლონდერო და ფრანგი ჟერემი შარდი დაამარცხა.

ნახევარფინალში ქართველ ჩოგბურთელს მეტოქედ გერმანიის სახელით მოასპარეზე რუსი ალექსანდრ ზვერევი ერგო, რომელმაც თავის მხრივ გზიდან ჩამოიცილა ჩილელი ნიკოლას ჯარი, არგენტინელი ფედერიკო დელბონისი და სერბი ფილიპ კრაინოვიჩი.

ზვერევი ბასილაშვილან მატჩში ფავორიტად ურთიერთშეხვედრების გამოც მიიჩნეოდა, აქამდე გამართული ორი შეხვედრიდან ორივე გერმანელს ჰქონდა მოგებული.

თამაში თავიდანვე საინტერესოდ დაიწყო, მეტოქეებმა საკმაოდ აგრესიული ჩოგბურთი შესთავაზეს ერთმანეთს და ცდილობდნენ, საკუთარი მოწოდებები აეღოთ. ასეც ხდებოდა, თუმცა,  რამდენჯერმე ჰქონდა როგორც ბასილას, ისე ზვერევს ბრეიკ პოინტის შანსი, მაგრამ უშედეგოდ.

მე-10 გეიმი ზვერევმა ორმაგი შეცდომით დაიწყო, 30:30-ზე კი ნიკამ სეტ პოინტი მიიღო, ზვერევმა კვლავ ორმაგი შეცდომა დაუშვა და ნიკა სეტებში დაწინაურდა 6:4.

მეორე სეტიც პირველის ანალოგიურად დაიწყო. ჩოგბურთელები საკუთარ მოწოდებებს იღებდნენ.

საინტერესოდ წარიმართა მე-4 გეიმი ზვერევი მოწოდებაზე 40:15 დაწინაურდა, მაგრამ ჯერ ორმაგი შეცდომა დაუშვა,  შემდეგ კი ნიკამ ორჯერ ძალიან კარგად ითამაშა მიღებაზე და საბოლოოდ მეტოქის მოწოდებაც აიღო და სეტში 3:1 დაწინაურდა, მაგრამ იქვე საკუთარი წააგო, შემდეგ კი ზვერევმა მშრალად მოაწოდა და ანგარიში კვლავ გათანაბრდა 3:3.

თამაში კვლავ დაძაბულად გაგრძელდა. მე-9 გეიმში კი სამწუხაროდ, ბასილაშვილმა საკუთარ მოწოდებაზე ვერ იყოჩაღა და ზვერევმა მეორე სეტში მეორედ აიღო ბრეიკ პოინტი, სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო, შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და 6:4 –  სეტებში ანგარიში გათანაბრდა.

გადამწყვეტი სეტი ბასილაშვილის მოწოდებით გაიხსნა და ქართველმა მეტოქეს მშრალად მოუგო, შემდეგ კი საკმაოდ დაძაბულ მეორე გეიმში შეძლო და ზვერევის მოწოდება აიღო – 2:0.

ბეწვის ხიდზე გაიარა ნიკამ მესამე გეიმში, საკუთრ მოწოდებაზე 0:40  აგებდა, მაგრამ მოახერხა მობილიზება და საბოლოოდ, ოთხი ბრეიკ პიონტის გადარჩენის შემდეგ, გადამწყვეტ სეტში 3:0 დაწინაურდა და ანგარიშთან ერთად ფსიქოლოგიური უპირატესობაც მოიპოვა.

ზვერევი არ ნებდებოდა და განაგრძობდა ბრძოლას. მეხუთე გეიმში კი ამან შედეგი გამოიღო. არადა თითქოს ბასილას 40:15-ის შემდეგ არ უნდა გასჭირვებოდა საკუთარი მოწოდების მოგება, მაგრამ სამწუხაროდ ყურადღება ოდნავ მოადუნა, მეტოქემ ეს მას არ აპატია  და დააბრეიკა.

5:4-ზე ზვერევმა მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო, მაგრამ მასილაშვილმა მაქსიმალური მობილიზების ხარჯზე თითქმის შეუძლებელი შეძლო და მეტოქის მოწოდება მოიგო. შემდეგ საკუთარ მოწოდებაზე საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა, ორი ბრეიკი გადაარჩინა და ტაი ბრეიკზე თამაში გაინაღდა.

ნერვული და დრამატული გამოდგა ტაი ბრეიკი. ქართველმა თავიდანვე მინი ბრეიკი შეასრულა, მაგრამ შემდეგ თავისი ორივე მოწოდება დათმო და ზვერევი 5:2 დაწინაურდა. ბასილაშვილმა კიდევ ერთი სასწაული ჩაიდინა, 5:2-დან მოახერხა და ზედიზედ ოთხი მოწოდება მოიგო და ბოლოს მატჩზეც წარმატებით ჩააწოდა 6:4, 4:6 7:6(5) და ბასილა ფინალშია!!!.

ასე და ამგვარად 3-საათიანი თრილრის შემდეგ ბასილაშვილმა შეძლო და ურთულესი მატჩი მოიგო.

ფინალში მისი მეტოქე მოგვიანებით ანდრეი რუბლიოვისა და პაბლო კარეონა-ბუსტას მატჩში გაირკვევა.

წყარო: lelo.ge

SHARE